"დღეს ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ვიწყებთ, რომელიც ზეინკლუზიურია. სრულ თანხვედრაში ვართ ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო ექსპერტები, რომელთან ერთადაც დღეს სამი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გვექნება", - აცხადებს "პირველი არხის" ცნობით, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" განცხადებით , 25 ივლისიდან ევროკომისიის 12 პუნქტზე ოპოზიციურ პარტიებთან, ფრაქციის წარმომადგენლებთან, დამოუკიდებელ დეპუტატებთან, არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან ერთად სამუშაო შეხვედრებს იწყებს, რომელიც საშემოდგომო სესიებზე დაინიცირდება.
"რაც შეეხება სად გადაიკვეთება კანონპროექტები, რომელსაც ჩვენ დავწერთ და რომელსაც „ქართული ოცნება“ დაწერს, ეს ყველაფერი გადაიკვეთება კომიტეტებზე და სესიებზე. ძალიან მწყობრი და სწორი სტრატეგია გვაქვს. მესმის, შესაძლოა, ზოგიერთისთვის რთულად აღსაქმელია, რას ვაკეთებთ, მაგრამ მარტივი საკითხია, ძალიან ბევრი კანონია დეტალურად დასამუშავებელი და დასაწერი. დეტალური დამუშავება უნდა მოხდეს სექტემბრამდე, რომ ზუსტად ვიცოდეთ 12-ვე პუნქტთან მიმართებით რა არის გასაკეთებელი. მერწმუნეთ, დღეს საქართველოში ვერც ერთ ადამიანს ვერ იპოვით, რომელიც 12 პუნქტზე გეტყვით პირდაპირ, თორმეტივეში გასაკეთებელი რა არის. შესაბამისად, სამუშაო პროცესი რას ნიშნავს? მუშაობას. ჩვენ ვიწყებთ ამ მუშაობას, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის საჭიროა", - თქვა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძეს ასევე ჰკითხეს, რატომ არ შეიძლებოდა "ქართული ოცნების" მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მუშაობა, რაზეც მან თქვა:
"როგორც უნდა შევიდეთ პროცესში, სადაც წინაპირობებს გვიყენებენ და 4 ფუნდამენტურ საკითხში აპრიორი არ იქნება ევროკავშირის მოთხოვნა. კომისიები, რომელსაც წინაპირობები აქვს, რომ დეოლიგარქიზაცია არ ეხება ივანიშვილს, დეპოლარიზაცია ოპოზიციის გაჩუმებაა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე თურმე 12 პუნქტი არ ვრცელდება, კლანი სასამართლოში არ არის და რომელ კანონსაც მართლმსაჯულებაზე დავწერთ, კლანს არ შეეხებაო. 12-ვე საკითხს კომპლექსური გადაწყვეტა უნდა ჰქონდეს. ვიღაცამ საქმე ხომ უნდა გააკეთოს. ჩვენ ის მექანიზმები უნდა შევქმნათ, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აიძულებს, შეასრულოს თორმეტივე პუნქტი, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ", - აღნიშნა ვაშაძემ.