მიანმარის სამხედრო ხუნტამ სიკვდილით დასაჯა ოთხი პროდემოკრატიული აქტივისტი, რომელთაც ბრალად "ტერორისტული აქტის ხელშეწყობა" ედებოდათ. იტყობინება სააგენტო AFP ადგილობრივ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.
ეს არის სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ ქვეყანაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
სიკვდილით დასჯის განაჩენი აქტივისტებს ჯერ კიდევ იანვარში, დახურულ სასამართო პროცესზე გამოუტანეს.
მიანმარის ეროვნული ერთიანობის მთავრობამ (GNU), ჩრდილოვანმა ადმინისტრაციამ, რომელიც აკრძალულია მმართველი სამხედრო ხუნტას მიერ, დაგმო ცნობები სიკვდილით დასჯის შესახებ.
სიკვდილით დასჯილთა შორის არიან აქტივისტი ჩო მინ იუ, ცნობილი როგორც ჯიმი, ჰიპ-ჰოპის ყოფილი შემსრულებელი პიო ზეია ტო, ჰლა მაიო აუნი და აუნ ტურა ზო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სიკვდილით დასჯის განაჩენი აღსრულდა ციხის პროცედურების შესაბამისად. უცნობია, თუ რა მეთოდი გამოიყენეს განაჩენის აღსასრულებლად. სააგენტო AFP იუწყება, რომ წარსულის პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაძლოა, ისინი ჩამოეხრჩოთ.
პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაციის თანახმად, ბოლოს მიანმარში სიკვდილით დასჯა 1980-იანი წლების ბოლოს განხორციელდა.
მიანმარის ხუნტამ, სამხედრო გადატრიალების გზით, ხელისულება 2021 წლის თებერვალში ჩაიგდო ხელში. ხუნტამ დაამხო ქვეყნის არჩეული მთავრობა დე ფაქტო პრემიერ მინისტრისა და ნობელის პრემიის ლაურეატის აუნ სან სუ ჩის ხელმძღვანელობით. აუნ სან სუ ჩის აპრილში 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა კორუფციის ბრალდებით.
სამხედრო ხუნტამ მასობრივი მიტინგების, გაფიცვებისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ჩატარების ყველა მცდელობა სასტიკად ჩაახშო. უფლებადამცველების თქმით, საპროტესტო აქციებზე ხუნტის მიერ მოკლულ იქნა, რეჟიმის სულ მცირე 1756 მოწინააღმდეგე, 13000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.