საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მზადებას იწყებს. ჩვენი კონტინენტის მთავარი საკალათბურთო ღონისძიების ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა, რომლის დედაქალაქ თბილისშიც ევრობასკეტის A ჯგუფის თამაშები ჩატარდება ესპანეთის, თურქეთის, მონტენეგროს, ბულგარეთის, ბელგიისა და საქართველოს ნაკრებთა მონაწილეობით.
ევრობასკეტის სხვა ჯგუფები იტალიის ქალაქ მილანში, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში და გერმანულ კიოლნში გაიმართება. პლეი ოფში გასული 16 გუნდი კი ჩემპიონ-პრიზიორთა გამოსავლენად ბერლინში შეიკრიბება.
ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის გასული ფანჯრის წინ შეარჩია. ჩვენმა ნაკრებმა 1 და 4 ივლისს უკრაინასთან და ესპანეთთან საკვალიფიკაციო მატჩები გამართა, რის შემდეგაც ნახევარი თვე შეისვენა და 21 ივლისს კვლავ შეიკრიბა – ამჯერად ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, რომელიც მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ეტაპის იმ 2 მატჩსაც მოიცავს, რომლებსაც საქართველო 24 აგვისტოს თბილისში ნიდერლანდებთან და 27-ში ბრეშაში, იტალიასთან გამართავს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 25 ივლისიდან 4 აგვისტომდე სლოვენიის კურორტ როგლაში მოემზადება. როგლა ზღვის დონიდან სლოვენიის ყველაზე მაღლა მდებარე ქალაქია, რომელიც ძალიან მყუდრო და დასასვენებლად შეუდარებელი ადგილია. ჩვენი ნაკრები მთლიანად დაიკავებს სასტუმრო „ნატურა როგლას“, სადაც სავარჯიშოდ იდეალური პირობები დახვდება. ილიას ზუროსი სლოვენიურ შეკრებას მაქსიმალურად გამოიყენებს გუნდის წევრთა ფიზიკური კონდიციების სრულყოფისა და იმ კომბინაციების დასახვეწად, რომლებზეც ჩვენი ნაკრების მომავალი მატჩები იქნება დაფუძნებული.
ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული 18 კალათბურთელიდან სლოვენიაში შეკრების გასავლელად 16 მიემგზავრება. მუხლის ტრავმის გამო გოგა ბითაძე როგლას მაგივრად ინდიანაში მიდის, სადაც თავის კლუბში სამედიცინო გამოკვლევას ხელმეორედ გაივლის და იქ გადაწყვეტენ, როგორი სახის მკურნალობა დაუნიშნონ. როგორც კი მწყობრში ჩადგება, გოგა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება – იქნება ეს სლოვენიაში, ნაკრების საქართველოში დაბრუნებისას თუ ევრობასკეტის წინ?! ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება ბითაძის მწყობრში ჩადგომას. როგლაში ვერ მიემგზავრება ნბა-ში საქართველოს მეორე წარმომადგენელი – სანდრო მამუკელაშვილი. მოგეხსენებათ, ნბა-ს ახალი რეგულაციებით პროფესიული ლიგის მოთამაშეს 28 დღე ეძლევა საიმისოდ, რომ საკუთარი ქვეყნის ნაკრებში დაყოს. მამუკელაშვილს კი „მილუოკი ბაქსმა“ მკაცრად განუსაზღვრა ეს პერიოდი და ნება არ დართო, საქართველოს ნაკრებს ვარჯიშების პერიოდშიც შეერთებოდა. შესაბამისად, მამუკელაშვილს ჩვენს ნაკრებში ვარჯიშების დაწყების ნებართა 4 აგვისტოდან აქვს.
სლოვენიური შეკრების დასრულების შემდეგ, 4 აგვისტოს საქართველოს ნაკრები როგლადან 4 საათის სავალზე მდებარე უნგრეთის ქალაქ კეჩკემეტში ავტობუსით გაემგზავრება, სადაც 5 და 6 აგვისტოს 2 სპარინგ მატჩს გამართავს. უნგრეთთან პირველი დაპირისპირება მასმედიისთვის ღია იქნება და მას ქომაგებიც დაესწრებიან, ხოლო მეორე შეხვედრა დახურული ტიპის გახლავთ. 21-იდან 24 ივლისის ჩათვლით საქართველოს ეროვნული ნაკრები ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში ვარჯიშობდა. სლოვენიაში გამგზავრებამდე ჩვენი ნაკრების წევრებმა სამედიცინო შემოწმება და კორონავირუსზე PCR ტესტები ჩაიტარეს.
უნგრეთიდან დაბრუნების შემდეგ ჩვენი ნაკრები თბილისში გააგრძელებს ვარჯიშებს, ხოლო 11 და 13 აგვისტოს ისრაელის ნაკრებს სპარინგ-მატჩებში დაუპირისპირდება. 15 აგვისტოს ნაკრები ილიას ზუროსის სამშობლოში გაემგზავრება, სადაც ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში – “აკროპოლისის თასზე” მიიღებს მონაწილეობას. მასპინძელ საბერძნეთთან და საქართველოსთან ერთად ათენში თავს თურქეთისა და პოლონეთის ნაკრებები მოიყრიან.
ამით ჩვენი ნაკრები დაასრულებს ამხანაგური მატჩების სერიას და 24 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, ხოლო მორიგ მატჩს 3 დღეში ქალაქ ბრეშაში, მასპინძელ იტალიასთან გამართავს. იტალიიდან დაბრუნებიდან 3 დღეში თბილისში სტარტს ევრობასკეტის A ჯგუფის თამაშები აიღებს.