რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინელ ხალხს დაეხმარება გათავისუფლდეს "ანტისახალხო და ანტიისტორიული რეჟიმისგან". ამის შესახებ მან კაიროში არაბული ქვეყნების ლიგის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
"ჩვენ ვწუხვართ უკრაინელი ხალხის გამო, რომელიც ბევრად უკეთესს იმსახურებს. ჩვენ ვწუხვართ უკრაინის ისტორიის გამო, რომელიც ჩვენს თვალწინ ნადგურდება, ვწუხვართ მათ გამო, ვინც კიევის რეჟიმის სახელმწიფო პროპაგანდას ემორჩილებიან, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ უკრაინა რუსეთის მარადიულ მტრად აქციოს. რუსი და უკრაინელი ხალხი გააგრძლებს ერთად ცხოვრებას. ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით უკრაინელ ხალხს გათავისუფლდეს რეჟიმისგან, რომელიც აბსოლუტურად ანტისახალხო და ანტიისტორიულია", - თქვა ლავროვმა.
ლავროვმა კაიროში ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის კიევთან მოლაპარაკებისთვის „საკითხების უფრო ფართო სპექტრზე“, თუმცა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების პროცესის განახლება მხოლოდ კიევზეა დამოკიდებული.