2023 წლის დასაწყისში, რუსეთმა შეიძლება დაიწყოს ახალი ძირითადი შეტევა უკრაინის წინააღმდეგ, რათა სცადოს ოდესის და ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი სანაპიროების აღება და უკრაინის შავი ზღვისგან მოკვეთა. იტყობინება ამერიკული გამოცემა Foreign Policy ოთხ ამჟამინდელ და ყოფილ ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
"უკრაინელები მომავალ წელს შესაძლოა რუსეთის კიდევ ერთი ძალიან სერიოზული შეტევის წინაშე აღმოჩნდნენ", - განუცხადა გამოცემას ევროპელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით.
"და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მათ მივცეთ არა მხოლოდ იარაღი, არამედ ხალხიც - კარგად გაწვრთნილი ხალხი, რათა შევეცადოთ, გადავარჩინოთ ამისგან".
ოდესა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო კერა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის. თუ რუსებმა მოახერხეს პორტის აღება, ეს დამანგრეველ დარტყმას მიაყენებს უკრაინის სამხედრო მიღწევებს და მოსკოვს კიდევ უფრო მეტ კონტროლს მისცემს გლობალურ სურსათის მიწოდების ჯაჭვზე. მაგრამ უკრაინის ჯიუტი წინააღმდეგობა, დასავლეთის დახმარებასა და მოსკოვის მცდარ ნაბიჯებთან ერთად, აჩვენებს, რომ რუსული ძალების მცდელობები ოდესის აღების მიზნით, არ იქნება წარმატებული, თუნდაც ის გახდეს პრიორიტეტი ომის შემდეგ ეტაპზე.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენელი ჯიმ თაუნსენდი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთში ბრძოლისა და სამხრეთში უკრაინის თავდაცვის ხაზის გაძლიერების ფონზე, რუსებს გაუჭირდებათ ოდესის აღება, განსაკუთრებით დასავლეთის თავდაცვის სისტემების გათვალისწინებით, რომლებიც უკრაინელებს რუსული ფლოტის შეკავებაში ეხმარება.
ახლა მოსკოვის მთავარი ყურადღება დონბასზეა მიმართული. თუმცა, დასავლელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ კრემლს ოდესა მიზანში აქვს ამოღებული, როგორც მთავარი სტრატეგიულ ჯილდო, ომის შემდეგ ეტაპზე.
"თუ რუსეთი მოახერხებს სამხრეთ-დასავლეთ უკრაინის ნაწილის ხელში ჩაგდებას, ეს უკრაინისთვის სტრატეგიული კატასტროფა იქნება", - აცხადებენ ექსპერტები.