გერმანიის ვიცე-კანცლერისა და ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის განცხადებით, რუსეთის მიერ მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით ევროპისთვის გაზის მიწოდების განახლება არ უნდა განიხილებოდეს, როგორც რუსეთის საიმედოობის ნიშანი. განაცხადა ჰაბეკმა 22 ივლისს საღამოს, გერმანიის საზოგადოებრივი ტელეარხის ZDF-ის ეთერში.
ჰაბეკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ გამოიყენა ენერგორესურსები საკუთარი სტრატეგიული მიზნებისა და გერმანიისა და ევროპის დასაქსაქსად.
"უნდა ვაღიაროთ, რომ პუტინი გაზის ბერკეტს ჩვენს წინააღმდეგ იყენებს", - თქვა ჰაბეკმა და დასძინა, რომ გერმანიამ უნდა გამოიყენოს გაზი ზომიერად და განაგრძოს ალტერნატივების ძიება.
ამავდროულად, გერმანიის ვიცე-კანცლერმა კატეგორიულად გამორიცხა რუსეთის მეორე მილსადენის, "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის ამოქმედება.
მისი თქმით, "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის ამოქმედება ვერაფერს შეცვლის და მხოლოდ გაზრდის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე და პუტინი მიაღწევს თავის მიზანს, გადალახოს სანქციები, რომელიც უკრაინაში ომის გაჩაღების გამო დაეკისრა.
"ეს ნიშნავს თეთრი დროშის აღმართვას გერმანიასა და ევროპაში. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ", - ხაზგასმით აღნიშნა ჰაბეკმა.
შეგახსენებთ, 21 ივლისს რუსეთის "გაზპრომმა" მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპისთვის გაზის მიწოდება განაახლა. "გაზპრომმა" ყოველწლიური გეგმიური ტექნიკური სამუშაოების მოტივით, ევროპისთვის "ჩრდილოეთის ნაკადით" გაზის მიწოდება 11 ივლისს შეაჩერა.
რაც შეეხება "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ს. ამ მილსადენის ექსპლოატაციაში შესვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. გერმანიის მთავრობამ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის სერტიფიცირება თებერვალში, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების "დამოუკიდებელ ქვეყნებად" აღიარების შემდეგ შეაჩერა.