ეს სამი დეპუტატი არსად გასულა.ამაში ორი აზრი არ არის. თვითონაც ამბობენ, ჩვენ ვრჩებით, მაგრამ ეს არის ფორმა, რითაც ჩვენ უფრო თავისუფლად ვსაუბრობთო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ამაში ორი აზრი არ არის. თვითონაც ამბობენ, ჩვენ ვრჩებით, მაგრამ ეს არის ფორმა, რითაც ჩვენ უფრო თავისუფლად ვსაუბრობთო. საინტერესოა, რომ მესიჯბოქსი არის ზუსტად იგივე. რაღაც, არ გვანან დამოუკიდებელ ადამიანებს. მესიჯბოქსი, გინდაც მუნიციპალიტეტებიდან გასული და გინდაც პარლამენტიდან, ზუსტად ერთი და იგივეა – ჩვენ გვჭირდება მეტი თავისუფლება და ამით თავს იმართლებენ, რომ თვითონაც საკმაოდ უზრდელად ლაპარაკობენ. არ ვიცი, ვისი დავალებით ლაპარაკობენ, მაგრამ ისინი „ქართული ოცნებიდან“ გასული რომ არ არიან, ცხადია. თუ არა, მაშინ საჭირო იქნებოდა, მთავრობიდან, ან პარტიიდან ყოფილიყო მათი დაგმობა. მე რაც მახსოვს, ვინც გავიდა და „ქართული ოცნებიდან“ ერთი ნაბიჯი გადადგა, ყველა მოღალატედ მოინათლა და ახლა რა ხდება? ღირსეული ადამიანები არიანო, დადებითი შეფასებებია და არანაირი დაგმობა არ არის მათი ექსტრემალური, უფრო რადიკალური განცხადებების. მე მგონი, ყველასთვის ნათელია სურათი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.