დიდი ბრიტანეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მდივანი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ ეწინააღმდეგება ომში ბრიტანელი ჯარისკაცების პირდაპირ ჩართვას.
ლიზ ტრასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში, დიდი ბრიტანეთი უკრაინის მტკიცე მოკავშირეა, თუმცა, ბრიტანეთის ჯარები არ უნდა ჩაერთოს საომარ მოქმედებებში.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ საერთაშორისო კოალიციის ლიდერები ვართ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სფეროში, ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ მე არ ვუჭერ მხარს ბრიტანეთის ჯარების კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას", - თქვა ტრასმა.
შეგახსენებთ, ლიზ ტრასი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია. 20 ივლისს თემთა პალატაში გამართულ კონსერვატიული პარტიის ფინალურ კენჭისყრაზე, პრემიერ-მინისტრობის პრეტენდენტებად ლიზ ტრასი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი დასახელდნენ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი.