ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა დაამტკიცეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მეშვიდე პაკეტი. აღნიშნულის შესახებ ევროკავშირში ლიეტუვის მუდმივმა წარმომადგენელმა არნოლდას პრანკევიჩიუსმა განაცხადა.
ახალი შემზღუდავი ზომები მოიცავს ექსპორტის კონტროლის გაფართოებას, " სბერბანკის" აქტივების გაყინვას, ასევე ემბარგოს რუსული ოქროს იმპორტზე.
"დაახლოებით 50 ფიზიკური და იურიდიული პირი დაექვემდებარება სანქციებს, მათ შორის პოლიტიკოსები, სამხედრო ლიდერები, ოლიგარქები, პროპაგანდისტები", დაწერა არნოლდას პრანკევიჩიუსმა Twitter-ზე.
რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების წინადადება ევროკომისიამ 15 ივლისს წარადგინა. ევროკომისიის წინადადებით, ახალი შემზღუდავი ზომები მომზადებულია, ასევე, ევროკავშირის სანქციების ექვსი პაკეტის მხარდასაჭერად და მათი ეფექტურობის გასაზრდელად. კერძოდ, გაძლიერდება კონტროლი რუსეთში მაღალტექნოლოგიური და ორმაგი დანიშნულების საქონლი ექსპორტზე.
Reuters-ის ცნობით, ეს შეეხება ქიმიურ პროდუქტებსა და ტექნოლოგიას. გარდა ამისა, გაძლიერდება ანგარიშგების მოთხოვნები, რათა გამკაცრდეს კონტროლი სანქცირებული აქტივების გაყინვაზე.
ამასთან, ევროკომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სანქციები არ არის მიმართული რუსეთსა და მესამე ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის წინააღმდეგ.
გამოცემა EUobserver-ი 19 ივლისს იტყობინებოდა, რომ სანქციების ახალ სიაში მოხვდება 47 პირი, მათ შორის მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი და "როსტეხის" ხელმძღვანელი სერგეი ჩემეზოვი, ასევე რვა იურიდიული პირი.
ამავდრდოულად, გამოცემის ცნობით, პერსონალური სანქციები დაუწესდებათ მსახიობებს სერგეი ბეზრუკოვსა და ვლადიმირ მაშკოვი, ასევე რამდენიმე უკვე სანქცირებული ოლიგარქის ზოგიერთ ნათესავს.
ახლა უკვე, სანქციები ძალაში შესვლისთვის ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.