რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინა დასავლეთისგან შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას თუ მიიღებს, "სპეცოპერაციის" გეოგრაფიული ამოცანები შეიცვლება. ამის შესახებ ლავროვმა კრემლის პროპაგანდისტული მედიის, Россия сегодня-ს მთავარ რედაქტორთან, მარგარიტა სიმონიანთან ინტერვიუში განაცხადა.
"ახლა გეოგრაფია სხვაგვარია", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა "უკვე აღარ არის მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ახლა არის კიდევ ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქები, სხვა ტერიტორიები და ეს პროცესი გრძელდება".
ამავდროულად, ლავროვი დაიმუქრა, რომ თუ დასავლეთის ქვეყნები უკრაინას შორი მოქმედების იარაღს მიაწვდიან, მაშინ საომარი მოქმედებების გეოგრაფიული ფარგლები კიდევ უფრო შორს წავა.
"ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უკრაინის ამ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს ზელენსკი, ან ის, ვინც მას შეცვლის, არსებობდეს იარაღი, რომელიც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ტერიტორიებს და იმ რესპუბლიკების ტერიტორიებს, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს", -თქვა ლავროვმა.
19 ივლისს, ჯონ კირბიმ, აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, გამოაქვეყნა აშშ-ს დაზვერვის მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსეთი ამზადებს ნიადაგს ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.