"ქართული ოცნება" გახდა გოიმობა. მისი დაცინვა არის ტრენდი და აქ მთავრდება ყოველთვის, ყველა ხელისუფლება, - განაცხადა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას.
"საქართველოს ხელისუფლება არის დეგრადაციის ბოლო საფეხურზე. დეგრადაციის ბოლო საფეხური არ არის, როდესაც სძულხართ, ეზიზღებით. დეგრადაციის ბოლო საფეხურია, როცა დაგცინიან. როცა მოდური ხდება შენი ქილიკი და დაცინვა. მაგიური ქართული სიტყვაა გოიმობა. ქართული ოცნება გახდა გოიმობა.
მე საერთოდ არ მომწონს, რომ ეგრეა, მაგრამ მაგიური სიტყვაა ქართველებისთვის. ქართული ოცნება არის გოიმობა. მისი დაცინვა არის ტრენდი და აქ მთავრდება ყოველთვის ყველა ხელისუფლება. ქართული ოცნება გოიმობა და დასაცინი არის საერთაშორისო აქტორების მიერაც. ასეთი არცერთ ხელისუფლებს არ მოსვლია, ნამდვილად. საერთაშორისო აქტორები ყოფილან გაბრაზებულები, გაცეცხლებულები შევარდნაძეზეც და სააკაშვილზეც - ყველაზე, მაგრამ პირდაპირ, დაუფარავად საჯაროდ დამცინავი არასდროს ყოფილან. და ეს ამ ხელისუფლების დამსახურებაა, რომ აქამდე მივიყვანეთ საერთაშორისო აქტორები, რომლებიც ღიად ამბობენ უკვე, რომ თქვენს წერილებსაც კი არ ვკითხულობთ, თქვენს ნათქვამსაც კი არ ვუსმენთ, საერთოდ არ მიგვაჩნიხართ არაფრად. იმიტომ, რომ სამარცხვინოა ის, რასაც აკეთებთ, ეს არ არის პოლიტიკა და ეს ასეა, ნამდვილად. ნამდვილად ასეა.
აზერბაიჯანში გუშინ იყო ჩამოსული ურსულა ფონ დერ ლაიენი და საუბარი იყო ნავთობითა და გაზით ევროპის მომარაგებაზე. რუსეთის ალტერნატივაზე. საქართველოს პრემიერი, რომლისგანაც 600 კილომეტრში წყდება საკაცობრიო მნიშვნელობის ამბავი, სადაც საქართველო შეიძლება, იყოს უმნიშვნელოვანესი, სადაც საქართველომ შეიძლება, იპოვოს თავისი ისტორიული ფუნქცია 600 კილომეტრის მანძილზე არც კი მიდის. მიდის უზბეკეთში და ურსულა ფონ დერ ლაიენს წერს წერილს, როგორი კარგია ბიძინა ივანიშვილი. ეხლა ამას დასცინებენ, აბა რას იზამენ? დასცინებენ თავისთავად ცხადია. სხვა რა რეაქცია შეიძლება, ჰქონდეს? თან ორჯერ უფრო მეტად დასცინებენ იმიტომ, რომ ამითი ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას არ მართავს. ამ დროს უარყოფის პარადოქსია ჩვეულებრივი. უარყოფ იმას, რაც რეალობაშია და ამ უარყოფით უბრალოდ ადასტურებ ამ რეალობას.
მერე ეს გოიმური ეპისტოლარული ჟანრი. სამარცხვინო, საშინელი შინაარსის წერილები, გინდა სტილისტურად, გინდა შინაარსობრივად, ან ვინ წერს, ან რას წერს, ან ვის სწერს? შეუძლებელია ამას სხვანაირად უყურებდნენ თუ არა დაცინვით და უყურებენ კიდეც შიგნითაც და გარეთაც", - თქვა გვარამიამ.