აჭარის ტელევიზია სავარაუდოდ დამოუკიდებელ სამართლის სუბიქტად ჩამოყალიბდება.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმდომარემ პავლე კუბლაშვილმა მედიაგამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვისას აღნიშნა, ახალი კანონპროექტი აჭარის ტელევიზიაზე ვერ გავრცლედება, რადგანაც ის აჭარის მთავრობის ბალანსზეა რეგისტრირებული.
"აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებით ვფიქრობთ, რომ ის დამოუკიდებელ სამართლებრივ სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს, ისევე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელია, რათა შესაძლებელი გახდეს მედიამფლობელების გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა და "მაუწყებლის შესახებ კანონში" მოქცევა", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულზე კონსულტაციები ამ დროისთვისაც გრძელდება.
როგორც ცნობილია, აჭარის ტელევიზია აჭარის მთავრობის ტელერადიოდეპარტამენტის მფლობელობაში შედის.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მედიაგამჭვირვალეობის შესახებ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით მედიასაშუალების ფლობა ოფშერულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიებს ეკრძალებათ და მათ ოფშერიდან გამოსვლისთვის 6-თვიანი ვადა ეძლევათ. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ოფშერში დარეგისტრირებული ის კომპანიები, რომელიც მაუწყებლის მხოლოდ 10 %-იან წილს ფლობს.
2 დეკემბერს მედიაგამჭვირვალეობის საკითხებზე უმრავლესობასა და "ქრისტიან-დემოკრატებს" შორის კონსულტაციები გაიმართება. მხარეები უმრავლესობისა და საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტების შეჯერებაზე იმსჯელებენ.