საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით ალბანეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამართა შეხვედრები ალბანეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, სალი ბერიშასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ედიზ ჰარჯისთან, ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარესთან ფატოს ბეიასთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელთან.
ალბანეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ალბანეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმის ხელმოწერის ცერემონიალი. ასევე შედგა შეხვედრა პრესის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე ალბანურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი. განსაკუთრებით აღინიშნა ალბანური მხარის მხარდაჭერა ვარშავაში გამართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ლისაბონის სამიტის ფარგლებში.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის ფონზე ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გააქტიურება ეკონომიკური კუთხითაც. უახლოეს მომავალში მხარეები წარმოუდგენენ ერთმანეთს ეკონომიკური ხასიათის ორმხრივ ხელშეკრულებებს შემდგომი განხილვის მიზნით.