განაში მომაკვდინებელი ვირუსით, მარბურგის ჰემორაგიული ცხელებით ადამიანის ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსით ინფიცირებული ორივე პაციენტი ცოტა ხნის წინ, ქვეყნის სამხრეთით, აშანტის რეგიონის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
განის ჯანდაცვის სისტემის მესვეურების განცხადებით, გარდაცვლილი პაციენტების სავარაუდო კონტაქტები, დაახლოებით 98 ადამიანი კარანტინში იმყოფება.
ოფიციალური პირები მოსახლეობას აფრთხილებენ, თავი შეიკავონ გამოქვაბულებთან კონტაქტისგან და საფუძვლიანად მოამზადონ ხორცპროდუქტები მათ გამოყენებამდე.
მარბურგის ვირუსი პირველად გერმანიის ქალაქ მარბურგში 1967 წელს დააფიქსირეს. ინფიცირების წყარო გახდა აფრიკიდან შემოყვანილი მაიმუნი. მაშინ აღირიცხა ჰემორაგიული ცხელების 31 შემთხვევა, საიდანაც 7 ადამიანი გარდაიცვალა.
შემდგომ წლებში მარბურგის დაავადების გავრცელება დაფიქსირდა სუდანში, კენიაში, ანგოლაში, უგანდაში, სამხრეთ აფრიკასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
ვირუსი თავს ესხმის საჭმლის მომნელებელ ორგანოებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას, მკურნალობა რთულია, ფაქტობრივად შეუძლებელი. პირველი სიმპტომები არის მაღალი ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი და სისუსტე.
მარბურგის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან მედიკამენტი ჯერჯერობით არ შემუშავებულა.
მარბურგის ვირუსი წააგავს მომაკვდინებლ ვირუსს ებოლას. ორივე მათგანი იწვევენ ჰემორაგიულ ცხელებას - დაავადებას, რომელსაც ახასიათებს მძიმე სისხლდენა (ჰემორაგია), ორგანოების უკმარისობა და ხშირ შემთხვევაში სიკვდილი.
ორივე ვირუსი აფრიკის მკვიდრია, სადაც ათწლეულების განმავლობაში აღინიშნება პერიოდული ეპიდემიები.
ებოლასა და მარბურგის ვირუსები ცხოვრობენ ცხოველებში. ადამიანებს ვირუსი დაინფიცირებული ცხოველისგან გადაეცემათ. თავდაპირველი გადაცემის შემდეგ, ვირუსს შეუძლია ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს ორგანიზმის სითხეებისა და დაბინძურებული ნემსების საშუალებით.
მარბურგის ვირუსი აღმოჩენილია აფრიკულ მაიმუნებში, შიმპანზეებსა და ხილის მჭამელ ღამურებში.