"ქართული პარტია" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინისგან თანამდებობის დატოვებას ითხოვს.
როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა, დაუშვებელია, განათლების სისტემას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, ვინც რეპრესიებით ცდილობს მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაშინებასა და დამორჩილებას.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლის მასწავლებლები და დირექტორი სამსახურიდან უსამართლოდ არიან დათხოვნილი.
სუბარის თქმით, ზუგდიდელი პედაგოგების გათავისუფლება განათლების მინისტრისა და ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მოწვეული მასწავლებლის, თომას ფლეტჩერის შეხვედრის კადრების გავრცელებას უკავშირდება. ეს შეხვედრა აღნიშნულ სკოლაში 11 ნოემბერს შედგა, მისი ამსახველი ფოტოები კი "ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრმა, კახა მიქაიამ 16 ნოემბერს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირი ეთერის საშუალებით მიაწოდა მაყურებელს.
"2010 წლის ნოემბერში ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიმაწოდეს თომას ფლეტჩერის პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოები, რომლებიც ამ უკანასკნელს სოციალურ ქსელ "ფეისბუკზე" ჰქონდა განთავსებული და ამ სკოლის მოსწავლეებისთვისაც ხელმისაწვდომი იყო. მოსწავლეებისა და მათი მშობლების თხოვნით, ამ ფაქტზე განგაში ავტეხე და საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდე. უკვე ამის შემდეგ ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლას თომას ფლეტჩერის მხარდასაჭერად, დიმიტრი შაშკინი ეწვია და პირადად შეხვდა მას", - აცხადებს მიქაია, რომელიც დღეს გამართულ პრესკონფერენციაში მონაწილეობდა.
მოგვიანებით, ფლეტჩერისა და შაშკინის შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა მიქაიამ კვლავ გაავრცელა ტელეეთერში, რასაც მოჰყვა 6 პედაგოგის (დალი არონია, ჯანა მაქაცარია, ხათუნა სამუშია, მადონა დავიანტი, ხათუნა დავიანტი და თინა ჯოჯუა) სამსახურიდან უსამართლოდ დათხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყოველმხრივ დადებითად ხასიათდებიან. რამდენიმე დღის შემდეგ კი სკოლის დირექტორი ხათუნა დარასელიაც გაათავისუფლეს თანამდებობიდან. მასწავლებლებს ბრალად დასდეს მიქაიასთვის ფლეტჩერისა და შაშკინის შეხვედრის ამსახველი ფოტოების გადაცემა.
"ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და დირექტორის უსამართლოდ გათავისუფლება სააკაშვილის რეპრესიული პოლიტიკის ნათელი მაგალითია.
"ზოგადად, მასწავლებლების წინააღმდეგ მიმართულმა რეპრესიებმა უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო. ამის ნათელი მაგალითია თბილისში სკოლის იმ დირექტორების უკანონო დათხოვნა სამსახურიდან, რომელთა მოსწავლეებმაც კანონიერ საპროტესტო აქციებში მიიღეს მონაწილეობა, ასევე აქციებში მონაწილე სკოლის მოსწავლეების დევნა პოლიციის მიერ. კარგად გვესმის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოებისთვის, საქართველოს მთავარი პროკურორისთვის მიმართვას აზრი არა აქვს, რადგან ისინი ერთი სისტემის ნაწილს წარმოადგენენ. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაგვეხმარონ მოსწავლეებისა და პედაგოგების უფლებების დაცვაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაღალჩინოსან დამნაშავეებს პასუხი მოეთხოვოთ, ხოლო განათლების სისტემა გათავისუფლდეს პოლიტიკური ტერორისგან", - აცხადებს "ქართული პარტიის" თავმჯდომარე.