საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მიესალმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას, რომელიც სამინისტროსა და პედაგოგთა პროფკავშირს შორის ურთიერობის სამართლებრივ მოწესრიგებას გულისხმობს. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი იმედს გამოთქვამს, რომ 2010 წლის 30 ნოემბრის განცხადება არის დასაწყისი რეალური თანამშრომლობისა და სოციალური დიალოგისა პედაგოგთა პროფკავშირსა და განათლების სამინისტროს შორის. როგორც ცნობილია, სამინისტრო მიმართავს საჯარო სკოლის ადმინისტრაციებს, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანონ პროფესიულ კავშირებში მონაწილეობასა და მათ შორის, საწევრო გადასახადების გადარიცხვებთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა. სამინისტრო აცხადებს, რომ პროფესიულ კავშირში გაწევრიანება არის საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციით აღიარებული უფლება, თითოეული მასწავლებელი დამოუკიდებელია ამ უფლების გამოყენებაში და საკუთარი ნების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პროფესიულ კავშირში გაერთიანების შესახებ. საწევროს გადარიცხვა კი უნდა მოხდეს პროფკავშირის წევრი პედაგოგის პირადი წერილობითი განცხადებისა და ადმინისტრაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მასალის გამოყენების პირობები