უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის 44 დასახლებაზე კონტროლი დაიბრუნეს. თუმცა, ოლქის დიდი ნაწილი კვლავ დროებითი ოკუპაციის ქვეშ რჩება.
ამის შესახებ სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა დმიტრო ბუტრიიმ ბრიფინგზე განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.
ბუტრიის თქმით, გათავისუფლებული დასახლებული პუნქტები მუდმივად რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ არიან. დასახლებებში განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღები, სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები.
ხერსონის ოლქში სულ 656 დასახლებული პუნქტია, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ელოდებიან. მათ დიდ ნაწილს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ოკუპანტები აკონტროლებენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის თქმით, ხერსონის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ წინსვლას ფრონტის ხაზზე და ათავისუფლებენ უკრაინის მიწებს რუსი ოკუპანტებისგან.
მანვე აღნიშნა, რომ ამჟამად, ოკუპანტების დიდი ძალისხმევა მიმართულია ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქების ჩრდილოეთით, რათა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაკავებული პოზიციებიდან უკუსვლა აიძულონ.
აქტიური საბროლო მოქმედებები მიმდინარეობს იზიუმი-სლავიანსკის, სვიატოგორსკი-სლავიანსკის, ლისიჩანსკი-სოლედარის, ლისიჩანსკი-სევერსკისა და პოპასნაია-სოლედარის მიმართულებებით.