ENG / RUS       12+

14 ივლისი ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა

მწერალი, პუბლიცისტი, დრამატურგი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე ვაჟა-ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი) თავის დაბადების თარიღად 1862 წლის 15 მაისს მიიჩნევდა, ამის მიუხედავად, დღემდე მის ბიოგრაფიაში დამკვიდრებულია სხვა თარიღი - 1861 წლის 14 ივლისი (ძველი სტილით). ამის საფუძველია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სოფელ ჩარგლის წმინგა გიორგის ეკლესიის 1861 წლის მეტრიკული წიგნი.

დაბადების თარიღთან დაკავშირებით, ვაჟა-ფშაველას შესახებ ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მულტიმედიურ ფორმატში მოამზადა.

ვაჟა-ფშაველამ საკუთარი დაბადების თარიღს 1912 წლის N584 "სახალხო გაზეთში" სპეციალური პუბლიკაცია უძღვნა სათაურით: "მცირე შენიშვნა".

"თუ ბიოგრაფია იწერება, უნდა დაიწეროს სიმართლით, ნამეტნავად სიყალბე უნდა შესწორდეს ჩემ სიცოცხლეშივე, რადგან იგი ჩემი სიკვდილის შემდეგაც იბარტყებს საკმაოდ. მე დავიბადე სოფ. ჩარგალში 1862 წ. 15 მაისს…"


ვაჟა-ფშაველა ოჯახის წევრებთან ერთად. ჩარგალი, 1907 წელი.

ვაჟა-ფშაველას მამა პავლე რაზიკაშვილი სასულიერო პირი იყო, დედა კი ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილი გახლდათ.

ვაჟა-ფშაველა თავის ავტობიოგრაფულ ნაშრომში მშობლებზე წერდა:

"მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით. დედა-ჩემი იყო ივრელი ქალი, სოფელ სხლოვნიდან, ფხიკლიანთ გვარისა... ღვიძლი ბიძა დედა-ჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში. იმან შექმნა სატირული ლექსები და დღესაც ყველა ფშაველი იმის ჰანგზე “ლექსობს”; საუბედუროდ, წერა-კითხვა სრულიად არ სცოდნია, რომ ქაღალდის წყალობით შენახულიყო მისი ნაწარმოებები, თუმცა მისი ლექსები დღესაც ცოცხლობს, იმათ დღესაცა მღერის ხალხი. ეს ლექსები ღრმა იუმორით არიან სავსენი. წერა-კითხვა არც დედა-ჩემმა იცოდა, თუმცა ბუნებით ფრიად ნიჭიერი იყო, შესანიშნავი მეოჯახე და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობლის დამხმარე; დედი-ჩემის ქველობა დღესაც სამაგალითოდ არის დარჩენილი. ისე ჩავიდა საფლავში, რომ ერთს არავის ახსოვს იმას გაეჯავრებინოს, არა.

მე როცა მამა-ჩემი ვიცანი მამად, მაშინ იგი მთავარ-დიაკვნად იყო სოფ. მაღაროსკარში, ს. ჩარგალზე რვა ვერსზე დაშორებით. როცა-კი შინ იმყოფებოდა, მუდამ მიამბობდა მოთხრობებს ძველი საღმთო ისტორიიდან, წერა-კითხვას მასწავლიდა ძველებურს წესზე. ჩაუჯდებოდა ხორცს ხინკლისათვის საკეფლად ფიცარზე, იქვე ტახტზე მეც დაუჯდებოდი პირდაპირ და ვუგდებდი გაფაციცებით ყურს იმის ტკბილს საუბარს, რადგან ძველი აღთქმისა ზოგ-ზოგი მოთხრობა მეტისმეტად მომწონდა, ჩემს ყურადღებას იზიდავდა: დავითისაგან გოლიათის დამარცხება, სამსონ ძლიერის მოქმედებანი, ძმათა მაკაბელთა თავდადება და სხვ... და უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ ჩემი თავი სამსონ ძლიერად მყვანდა წარმოდგენილი, რადგან დედა-ჩემი ამბობდა ჩემზე, დიდი თმა ჰქონდა, როცა დამებადაო, თითქმის თვალებს უფარავდაო, და ვეშარებოდი: თმა რად მომკრიჭეთ-მეთქი. მაინც ამ “თმიანობამ” თავის თავზე წარმოდგენა განმიდიდა, რაღაც არაჩვეულებრივ ადამიანად მომაჩვენა ჩემი თავი და დამისახა არაჩვეულებრივი მომავალი“.

"ჩემი წუთისოფელი", ვაჟა-ფშაველას თხზულებები, მე-5 ტომი, 1936 წელი

თელავის სასულიერო სემინარიის მოსწავლეები და პედაგოგი ნიკო მთვარელაშვილი. პირველ რიგში მარჯვნიდან მე-3 ზის ვაჟა-ფშაველა. [1870-1872]


ვაჟა-ფშაველამ დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, 8 წლის კი „მამაჩემმა მიმაბარა თელავის სასულიერო სასწავლებელში. ამ სასწავლებლის მესამე კლასიდან მე შევედი ტფილისის სამოქალაქო სკოლაში, რომელიც ინსტიტუტთან არსებობს. სამოქალაქო სკოლაში რომ დავასრულე კურსი, შემდეგ გორის სემინარიაში შევედი. როცა იქაც სწავლა დავამთავრე, დამნიშნეს მასწავლებლად ტოლადსოფელში (ერწოში), სადაც ერთი წელიწადი დავყავი და შემდეგ პეტერბურგში წავედი უნივერსიტეტში ლექციების მოსასმენად…“ („სახალხო გაზეთი“, „მცირე შენიშვნა“, 1912 წ. N584).

 ექვთიმე თაყაიშვილი მისი სტუდენტობის შესახებ მოგონებაში წერდა:

 "ვაჟა-ფშაველა მე პირველად გავიცანი პეტერბურგში, როდესაც უნივერსიტეტში შევედი, ის მოვიდა თავისუფალ მსმენელად და ესწრებოდა ქართველი სტუდენტების სხდომას სათვისტომო საკითხების შესახებ. ფშავ-ხევსურეთის სახალხო პოეზიიდან აურებელი ლექსი იცოდა ზეპირად. არავითარი რვეული, ან წერილობითი საბუთები ხელში არა ჰქონია და ყველანი განცვიფრებულები ვიყავით, როგორ შეეძლო ამდენი ლექსის ზეპირად დამახსოვრება".

ლუკა რაზიკაშვილი ფსევდონიმით ლ. რა-ვი პირველად 1879 წელს გაზეთ „დროებაში“ (№ 11) გამოჩნდა პუბლიკაციით „წერილი ხევსურეთიდან“. ამას მოჰყვა ერკმან-შატრიანის მოთხრობის „ფეოდალის აღზრდა“ თარგმანი (1880 წელი, „ივერია“, № 4).

 მისი პირველი ლექსი „მეომარი“ 1881 წელს გამოქვეყნდა („იმედი“, № 3-4), პირველი მოთხრობა „სურათი ფშავლის ცხოვრებიდან“ კი - 1881 წელს („დროება“, № 184).

 განსაკუთრებით პოპულარულია მისი ეპიკური პოემები ეროვნულ თემაზე: "ალუდა ქეთელაური" (1888), "ბახტრიონი" (1892), "სტუმარ-მასპინძელი" (1893), "გველის მჭამელი" (1901) და სხვ.

 ჰუმანიზმი მწერლის შემოქმედების თანმდევია. ამ მხრივ გამორჩეულია ლირიკული პროზის ნიმუშები: "შვლის ნუკრის ნაამბობი" (1883), "ხმელი წიფელი" (1888-1889), "ქუჩი" (1892), "მთანი მაღალნი" (1895) და სხვ.

ვაჟა-ფშაველას მოთხრობები წიგნად პირველად 1889 წელს დაიბეჭდა. საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკა, პერიოდულ გამოცემებთან ერთად, ინახავს 1898 წელს გამოცემულ წიგნებს „ამოდის, ნათდება“ და „ახუნდი“.

ვაჟა-ფშაველა, „ამოდის, ნათდება“. ტიფლისი, 1898 წელი. ვ. გუნიას სტამბა.

ვაჟა-ფშაველას ფოტოებს შორის გამორჩეულია მისი სურათი ღაჭაურას ლეგენდარული მუზარადით. ეს ლეგენდა ვაჟა-ფშაველამ მკითხველს გაანდო მოთხრობით „აფხუშოობა“:

"დარბაზის წინ წამომდგარიყო ხევისბერი ბერიძე, შუათანა ტანის კაცი, მუხის ძირივით ჩასხმული, გაბარჯღლული ულვაშებით, მრისხანე სახისა. ბერიძე ლაპარაკობდა მჭეხრის ხმით; იმას ხელში ეჭირა ოქროთ დაფერილი, დავარაყებული და დაზარნიშებული, ორს ალაგას ხმლით გაჭრილი, „ჩახედვებული“, ლუდიანი მუზარადი, რომელიც წმინდა სანთლით იყო გაფისული. ბერიძემ დაიძახა: თემო და სოფელო, ღმერთმა შეიწყალოს ღაჭაურა! „ღმერთმა მოიხსენოს“, სთქვა ხალხმა გულამოსკვნით. ღაჭაურა ხალხური გმირია, რომელსაც მოუკლავს ერთი ხანი და იმისი მუზარადი ხატისათვის შეუწირავს. დღეს ამ მუზარადით დიდი და პატარა ღაჭაურას შესანდობარს სვამს. „დაცლაზეა, დაცლაზე“, იძახის დასტური. დასცლიდა თუ არა ფშაველი ლუდით სავსე მუზარადს, გადააბრუნებდა და აკოცებდა მუზარადს, სადაც ნახმლევი ეტყობა, და თან დააყოლებდა: „გენაცვალე, მარჯვენაში, ვაჟავ!“ „ჰა, ბეჩავ ხარო“[2], იტყოდა მეორე, – „აბა, იმას უტყლეშავა, აი!“. მოხუცი ღაჭაურას ცხოვრების, ხანის მკვლელობის და აფხუშოდამ ტყვეების წასხმის ამბავს მოჰყვება.

ვაჟა-ფშაველა 1886-1887 წლებში სოფელ დიდი თონეთის მასწავლებელი იყო. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არქივში მისი არაერთი ავტოგრაფი ინახება, რომელიც მისი მოღვაწეობის ამ პერიოდს ასახავს.

ვაჟა-ფშაველა ჩარგალში

მასწავლებლად დანიშვნიდან მცირე ხანში ვაჟა-ფშაველას დაპირისპირება მოუხდა სოფელ დიდი თონეთის მამასახლისსა და მის ნათესავებთან. წერა-კითხვის საზოგადოებაში მათ ვაჟაზე არაერთი საჩივარი გააგზავნეს. საზოგადოებამ რამდენჯერმე შეამოწმა პედაგოგის მუშაობა. არქივი ინახავს ლუკა რაზიკაშვილის პასუხს მამასახლისის ბრალდებებზე, სადაც ის წერს: „დიდი თონეთის საზოგადოება 1200 სულს შეადგენს, დიდი და პატარა ყველა დაიბაროს [წერა-კითხვის საზოგადოებამ] და იკითხოს. თუ ერთის გარდა, მამასახლისის და მის ცოლისძმის მთავრისა, ჩემზედ აუგი სთქვას, მაშინ მე თვითონ უარს ვყოფ ჩემს ხელობას და ვიტყვი, რომ არ ვვარგებულვარ არც კაცად, არც მასწავლებლად... ჯერ ღმერთი არ ასიამოვნებს ყველას და მე როგორ ვასიამოვნო კაცუნა-არაკაცებს, რომლებიც მე პირადად უსიამოვნებას მაყენებენ და სკოლას ძირს უთხრიან?“.

ამ დაპირისპირების გამო ვაჟას სკოლის მასწავლებლის თანამდებობის დატოვება მოუწია.

1888 წლიდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ეწეოდა სამეურნეო საქმიანობას. იშვიათად ჩამოდიოდა ბარში, მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარი ნაწარმოებები დასაბეჭდად უნდა ჩაეტანა.

ვაჟა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან თანამშრომლობას საკუთარი თხზულებების გამოცემით საკითხზე აგრძელებდა. 1893 წელს საზოგადოების გამგეობისათვის საინტერესო იდეით მიუმართავს - მწერალი მთაში მცხოვრები ხალხისთვის მოძრავი სკოლის გახსნის საჭიროებაზე საუბრობდა.

ლუკა რაზიკაშვილის (ვაჟა-ფშაველა) მოხსენება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისადმი ფშავში მოძრავი სკოლის გახსნის შესახებ. ავტოგრაფით.

„მასწავლებელი ამოირჩევს რვა დაბის სოფელს, რომლებსაც გარშემო წვრილი სოფლები ახვევია; თითო სოფელში მასწავლებელს სამოცზე ნაკლები ქალი და ვაჟი არ ეყოლება და ამათ გაუნაწილებს ერთის წლის დროს და შრომას. წლის თავზე თუ ივარგა მასწავლებელმა, ეყოლება იმას „ანაბანის“ მცოდნე ოთხასზე მეტი მოწაფე...“

1893 წლის დეკემბერი.

ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში, პროზაულ და პოეტურ ნაწარმოებებთან ერთად, გამორჩეული ადგილი უჭირავს პუბლიცისტიკას. „რა არის თავისუფლება“ ავტორს 1906 წელს დაუწერია, თუმცა მკითხველამდე ის ნახევარი საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, 1961 წელს მივიდა. ამონარიდი სტატიიდან:

„თავისუფლება გამოიხატება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი...

იქ ვინ ნახა თავისუფლება, საცა მე ჩემს დედა-ენაზე ლაპარაკს მიშლიან; არც მასწავლიან, არც მაუბნებენ, არც მამღერებენ, არც მაგალობებენ? რა გული უნდა მქონდეს მაშინ, რას უნდა ვგრძნობდე?“.

ლუკა რაზიკაშვილს მეფის რუსეთის ხელისუფლება უთვალთვალებდა და მის საქმიანობას სწავლობდა.

ამის დასტურია თიანეთის მაზრის უფროსის ლეონტიევის საიდუმლო პატაკი თბილისის გუბერნატორისადმი ვაჟა-ფშაველას რევოლუციურ მოძრობაში აქტიური მონაწილეობის შესახებ.

პატაკის ავტორი ადრესატს ქართველი მწერლის დაპატიმრების ინიციატივით მიმართავს.

ვაჟა-ფშაველა ნათესავ-მეგობრებთან ერთად საკუთარი ვაჟის, ლევან რაზიკაშვილის ქორწილში. გორი. 1912 წლის 2 მაისი


ვაჟა-ფშაველას შვილი ლევან რაზიკაშვილი (1887-1923) სამხედრო ოფიცერი იყო. იგი თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში სწავლისას ქაქუცა ჩოლოყაშვილს დაუახლოვდა. 1917 წელს საქართველოს სოციალ-ფედერალისტურ პარტიაში გაწევრიანდა. მსახურობდა ფშავის მილიციის უფროსად.

 საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ხევსურეთში მოქმედ პარტიზანებს თანაუგრძნობდა, რის გამოც 1922 წელს დააპატიმრეს და ბანდიტიზმის ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯეს.

ქართველი მწერლების შუამდგომლობა სერგო ორჯონიკიძესთან უშედეგო აღმოჩნდა. 1923 წლის თებერვალში ლევანი სიკვდილით დასაჯეს, თუმცა ესეც არ აკმარეს. საბჭოთა ხელისუფლებამ ის ფოტოებიდანაც წაშალა, თუმცა, საბედნიეროდ, ფოტოების ორიგინალებმა ჩვენამდე მაინც მოაღწია.

ვაჟა-ფშაველა, იროდიონ ევდოშვილი, ბაჩანა (ნიკო), თედო, სანდრო და ლევან რაზიკაშვილები. მოგვიანებით, ლევანის სიკვდილით დასჯის შემდეგ, იგი ფოტოდან გააქრეს.

ვაჟა-ფშაველა 1915 წლის გაზაფხულზე თბილისში სამკურნალოდ ჩასულა. ვაჟას მკურნალობდა ექიმი და ცნობილი კრიტიკოსი ივანე გომართელი. მისი დასკვნით, პოეტი პლევრიტით იყო ავად. მისი გამოჯანმრთელება ვერ მოხერხდა და მწერალი 1915 წლის 27 ივლისს წმინდა ნინოს ჰოსპოტალში (დღევანდელი თბილისის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა) გარდაიცვალა.

ლუკა რაზიკაშვილი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ, 1935 წელს, ვაჟა-ფშაველა დიდუბიდან მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.