მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, ქვეყანამ რუსულ "გაზპრომთან" კონტრაქტი გააფორმა იმ პირობებით, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო მოსკოვის "სპეკულაციური" პოზიციის გათვალისწინებით.
სანდუს თქმით, მას არ სურდა ქვეყნის ნაწილის გაყიდვა, უფრო მომგებიანი კონტრაქტის, იაფი გაზის სანაცვლოდ.
ამავე დროს, მაია სანდუ გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოლდოვა, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, უნდა მოემზადოს რთული ზამთრისთვის.
სანდუს თქმით, არ ნანობს, რომ არ წავიდა მოსკოვში ბუნებრივი აირის ფასზე მოსალაპარაკებლად, რადგან მთავრობამ დადო ისეთი კონტრაქტი, რომლის დადებაც შეეძელო.
„არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევარი წლით იაფი გაზი გვქონდეს. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია და ჩვენ უნდა დავიცვათ იგი. დიახ, ყველასთვის რთულია. და, რაც მთავარია, იმის გამო, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არ ვეძებდით ალტერნატივებს, არ ვდებდით ინვესტიციას ენერგეტიკულ პროექტებში, რადგან მაშინ ჩვენ ეს არ გვაინტერესებდა. ხოლო პროექტები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ შედეგს 4-5 წელიწადში მოიტანს", - თქვა სანდუმ.
მაია სანდუმ ოპოზიცია გააკრიტიკა, რადგან მათ, ხელისუფლებაში ყოფნისას, ვერ შეძლეს "გაზპრომთან" გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმება და "ემსახურებოდნენ მოსკოვს და არა თავიანთ მოქალაქეებს".
სანდუმ ასევე აღნიშნა, რომ გაზის მიწოდების შესაძლო შეჩერების გამო მთელი მსოფლიო მძიმე ზამთრისთვის ემზადება და გამონაკლისი არც მოლდოვაა.
"ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ ასეთი ზამთრისთვის. ეს ნიშნავს, რომ შეძლებისდაგვარად უნდა მოვახდინოთ სახლების იზოლირება სითბოს დაკარგვის შესამცირებლად, რადგან ეს იქნება ყველაზე დიდი პრობლემა. მთავრობა მუშაობს კომპენსაციის მექანიზმზე: შეიქმნება ფონდი მოქალაქეების მხარდასაჭერად, რომლებსაც ეს დახმარება ესაჭიროებათ", - განაცხადა სანდუმ.
მისივე თქმით, მოლდოვის მთავრობა კვირის ბოლოს ევროკავშირთან აპირებს განიხილოს ფინანსური დახმარების საკითხი.