დღეს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც ორმხრივი შეხვედრები გაიმართება დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და თავდაცვის სახელმწიფო მდივნის საპარლამენტო მდივანთან. ვიცე პრემიერ-მინისტრი, ასევე, შეხვედება ევროპული რეფორმების ცენტრის საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის დირექტორს.
გიორგი ბარამიძე ბრიტანელი პარლამენტარების, ექსპერტების, სამეცნიერო წრეების, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და საქართველოსათვის ლისაბონის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე.
გიორგი ბარამიძე პარლამენტარებთან შეხვედრაზე მოუწოდებს ყველა მეგობარი ქვეყნის პარლამენტებს, ოფიციალურ დოკუმენტებში აღიარონ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეთნიკური წმენდის ფაქტები. იგი ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო აქტიურად აიმაღლოს ხმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების დარღვევის, კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი გარემოს განადგურების ფაქტებზე. შეხვედრაზე გიორგი ბარამიძე, ასევე, ისაუბრებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების შეუსრულებლობასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ სახლებში ღირსეულ დაბრუნებაზე.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძე მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში- ,,საქართველოს სტრატეგიული სატრანზიტო როლი ევროპის ენერგო- უსაფრთხოებაში" და წარმოადგენს მოხსენებას თემაზე -"საქართველოს პოლიტიკური პერსპექტივები", სადაც ისაუბრებს საქართველოს გამოწვევებსა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. ვიცე პრემიერ-მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს, როგორც ენერგო- რესურსების სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალსა და მნიშვნელოვან როლზე ევროპული ქვეყნების ენერგო- მომარაგების დივერსიფიკაციის უზრუნველსაყოფად.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძე მიწვეულია BBC-ის მსოფლიო ამბების პირდაპირ ეთერში და ასევე, დაგეგმილია ვრცელი ინტერვიუ ტელეკომპანია AL Jazeera-სთან.