13 ივლისს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა, საიდანაც იწყებს, პრეზიდენტის რანგში, ახლო აღმოსავლეთში პირველ ვიზიტს.
ვიზიტის დროს ბაიდენი შეეცდება, დაარწმუნოს სპარსეთის ყურეში მოკავშირეები, გაზარდონ ნავთობის მოპოვება და დაეხმაროს ისრაელისა და საუდის არაბეთის დაახლოებას.
ბაიდენი ორ დღეს იერუსალიმში დაჰყოფს, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს ისრაელის ლიდერებთან, 15 ივლისს კი შეხვდება პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასს.
ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯეიკ სალივანის განცხადებით, ბაიდენი კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის მხარდაჭერას, ისრაელსა და პალესტინასს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. ამასთან, ეცდება ურთიერთობების აღდგენა პალესტინის ადმინისტრაციასთან, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დახმარება შეუწყვიტა და იერუსალიმში ამერიკის საკონსულო დახურა.
15 ივლისს, ბაიდენი ისრაელიდან საუდის არაბეთის საპორტო ქალაქ ჯიდაში გაემგზავრება. ბაიდენი საუდის არაბეთის ლიდერებს შეხვდება და სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირეთა სამიტს დაესწრება.
ამერიკელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ბაიდენის პირველმა ვიზიტმა ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა, ბიძგი მისცეს ახალ ნაბიჯებს, რომლებიც ისრაელისა და საუდის არაბეთის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ იქნება მიმართული.
"ჩვენ თანდათან ვდგამთ ნაბიჯებს ამ მიმართულებით", - თქვა ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ის ფაქტი, რომ ბაიდენი პირდაპირ ისრაელიდან საუდის არაბეთში გაფრინდება, "ასახავს იმ იმპულსს, რომელიც განვითარდა ბოლო თვეების განმავლობაში".
საუდის არაბეთში ბაიდენი შეხვედრას გამართავს მეფე სალმანსა და მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან.
ბაიდენის ვიზიტი მიზნად ისახავს რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებას, რეგიონში ისრაელის ინტეგრაციის გაღრმავებას და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გავლენასთან დაპირისპირებას.