გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით რუსეთთან მოლაპარაკებების მცირედი შესაძლებლობაც არ არსებობს. ამის შესახებ ბერბოკმა გერმანულ ჟურნალ Stern-თან ინტერვიუში განაცხადა.
"რაზე შეიძლება მოლაპარაკება იმასთან, ვინც იმისთვისაც კი არ არის მზად, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნების შექმნაზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან შეთანხმებას მიაღწიოს?", - თქვა ბერბოკმა.
ამავდროულად, მან უარყო მოწოდება ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ამ მოწოდებით მანამდე გამოვიდნენ გერმანელი ცნობილი ადამიანები ღია წერილით.
"რა უფლება აქვს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, უკრაინის ნაცვლად გადაწყვიტოს, მისი ტერიტორიის რა ნაწილი უნდა დათმოს, რამდენი მილიონი მოქალაქე უნდა დაემორჩილოს რუსეთის ბატონობას", - აღნიშნა ბერბოკმა.
გარდა ამისა, ბერბოკმა განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ, არანაირი პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
"მინდა ვთქვა, მოდი, სერგეი, მოვილაპარაკოთ მშვიდობაზე, მაგრამ მეეჭვება მას ჰქონდეს ასეთი უფლებამოსილება რუსეთის ხელმძღვანელობისგან", - თქვა ბერბოკმა და დასძინა, რომ "უცნობია, რა როლს ასრულებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ საკითხებში".
გასულ კვირას გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ინდონეზიაში, ბალიში G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტს დაესწრნენ. ანალენა ბერბოკმა თავის გამოსვლაში მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი ომის გაჩაღების გამო. სერგეი ლავროვი ბერბოკის გამოსვლას არ დაესწრო და საერთოდაც, ვადაზე ადრე დატოვა მინისტერიალი.