უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან, ევროკავშირის ქვეყნებმა გაყინეს რუსი ოლიგარქების აქტივები, რომელთა ღირებულება დაახლოებით 13.8 მილიარდი ევროა. განაცხადა ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში დიდიე რეინდერსმა პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრების მინისტერიალზე.
ევროკომისრის განცხადებით, გაყინულ აქტივებს შორისაა იახტები, ვერტმფრენები, უძრავი ქონება და სხვა აქტივები.
"ოლიგარქებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც სანქციებს ექვემდებარებიან, მათზე წვდომა აღარ აქვთ", - თქვა რეინდერსმა.
ამავდროულად, სააგენტო dpa-ს ცნობით, ევროკომისარმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გაყინული აქტივების უმეტესობა - 12 მილიარდ ევროზე მეტი - ევროკავშირის 5 ქვეყანაზე მოდის.
ევროკომისარმა უარი თქვა ამ სახელმწიფოების დასახელებაზე და და მოუწოდა ევროკავშირის დანარჩენ 22 წევრს, მიბაძონ პარტნიორებს და გაყინონ ოლიგარქების აქტივები.
რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რამდენიმე რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, დაადანაშაულა რა ისინი ომის ღიად მხარდაჭერაში.
მარტის დასაწყისში, შეიქმნა ევროკავშირის სპეციალური ჯგუფი, რათა გაეუმჯობესებინა წევრ ქვეყნებს შორის კოორდინაცია ოლიგარქების ქონების იდენტიფიცირების პროცესში.
მაისის ბოლოს, ევროკომისია გამოვიდა ინიციატივით, გამკაცრდეს სანქციების აღსრულება იმ შემთხვევაში, თუ ოლიგარქები და სხვა სანქცირებული პირები შეეცდებიან სანქციების გვერდით ავლას. ასეთ შემთხვეაში, შესაძლოა, მათ ქონება ჩამოერთვათ.
ამავდროულად, ევროკავშირში განიხილავენ გაყინული აქტივებით ომით განადგურებული უკრაინის რეკონსტრუქციის დაფინანსებას.