შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთის ტურს იწყებს.
მოგზაურობის დაწყებამდე, ჯო ბაიდენმა გამოცემა The Washington Post-ისთვის სვეტი დაწერა, რომელიც 9 ივლისს გამოქვეყნდა.
ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაცია აღიარებს იმ გამოწვევებს, რომელიც დაკავშირებულია ირანის ბირთვულ პროგრამასთან, სამოქალაქო ომთან სირიაში, უკრაინაში გაჩაღებული ომის ფონზე სასურსათო კრიზისთან, ტერორისტული დაჯგუფებების საქმიანობასთან, პოლიტიკურ ჩიხთან ერაყში, ლიბიასა და ლიბანშე, ასევე ადამიანი უფლებების სტანდარტების უკუსვლასთან.
"ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ყველა ეს პრობლემა", - წერს ბაიდენი.
გარდა ამისა, ჯო ბაიდენი The Washington Post-ის სვეტში წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისას ის შეეცდება გააფართოოს იმ ქვეყნების წრე, რომლებიც მხარს დაუჭერენ აშშ-ს რუსეთთან დაპირისპირებაში.
ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის იქნება აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ეწვევა ახლო აღმოსავლეთს 11 სექტემბრის თავდასხმის შემდეგ.
თავის მხრივ, The New York Times წერს, რომ ვაშინგტონი მოუწოდებს ქვეყნებს მიაწოდონ საბჭოთა წარმოების იარაღი, რომლებსაც უკრაინა უკეთ უმკლავდება და ეს საკითხი შედის ბაიდენის ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის დღის წესრიგში, სადაც სახელმწიფოს მეთაური უნდა შეხვდეს იმ არაბული ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც ოდესღაც თანამშრომლობდნენ მოსკოვთან იარაღის მიწოდების კუთხით.
ამერიკელი ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში იარაღის მარაგი რაღაც მომენტში შესაძლოა ამოიწუროს.
ამ ფონზე ბაიდენის გუნდი ეძებს გრძელვადიან სტრატეგიას, რადგან ევროპაში ესკალაციის საშიშროება იზრდება, რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარების პერსპექტივა შორს არის და საზოგადოება იწყებს დაღლას ომით - როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე მის ფარგლებს გარეთ", - აღნიშნავს The New York Times.
აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და საუდის არაბეთში 13-16 ივლისს იგეგმება.