ორშაბათს ვგეგმავთ კომიტეტში პირველ სხდომას, რომელზეც მიღებული იქნება გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით. ეს ეხება რეკომენდაციების ერთ-ერთ პუნქტს - ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების უფრო აქტიურად დანერგვას ეროვნულ სასამართლო სისტემაში, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ბუნებრივია, ვგეგმავთ, რომ ეს პროცესი იყოს ინკლუზიური - პროფესიული წრეების, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც გააგრძელებს კონსულტაციებს და უახლოეს მომავალში გვექნება კონკრეტული კანონპროექტი ამ მიმართულებით. დაგეგმილი გვაქვს გენდერული თანასწორობის საბჭოს და ჩვენი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გენდერული თანასწორობის საკითხებზე, სადაც ასევე გვაქვს შესასრულებელი გარკვეული ამოცანები. ასევე არის რამდენიმე პუნქტი, რომლებზეც მუშაობაში კომიტეტი აქტიურად იქნება ჩართული“, - აცხადებს სარჯველაძე.