უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ტომას ჰამერბერგს რუსეთის სასარგებლოდ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, რომ საკუთარი მოვალეობა სათანადოდ შეასრულოს. ეს განცხადება მინაშვილმა დღეს სესიაზე გააკეთა და როგორც მან აღნიშნა, ევროსაბჭოს ადამიანის უფელბათა კომისარის მხრიდან 4 ქართველი ბავშვის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაკეთებულა, როდესაც ეს არის მისი პირდაპირი მოვალეობა.
"როდესაც საქმე ეხება რუსეთს, ბატონი ტომას ჰამერბერგის მხრიდან არანაირი მკვეთრი განცხადება არ კეთდება და რუსეთის მიმართ ასეთი მიკერძოებულობა ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და ჩრდილი ადგება ამ ორგანიზაციას, რომელიც არის ადამიანის უფლებათა უმაღლესი დამცველი ორგანო", - აცხადებს აკაკი მინაშვილი.
მინაშვილის ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "თემა არის დელიკატური და ასეთი განცხადებების გაკეთებისას ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ ფაქტია რომ ეს საკითხი არის ტესტი და როდესაც ადამიანის უფლებათა უმაღლესი დამცველისაგან ასეთ დროს არ კეთდება არაფერი, ბუნებრივია ჩნდება კითხვები",- აცხადებს ბაქრაძე და აღნიშნავს, რომ "საქართველო არ არის დაინტერესებული ევროსაბჭოსთან დაპირისპირებაში, მაგრამ მეორე მხრივ, ყევლამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რათა ადამიანების განსაკუთრებით კი ბავშვების უფლებები იქნას დაცული".