კანადამ უკრაინაში ომის გაჩაღების გამო, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა .
ოტავის გადაწყვეტილებით, სანქციები დაუწესდა რუსეთის 29 ფიზიკურ პირს, მათ შორის, პატრიარქ კირილს, კომუნიკაციების მარეგულირებელი ფედერალური ორგანოს "როსკომნადზორის" ხელმძღვანელს იური ლიპოვს, რუსეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ოფიციალურ წარმომადგენლებსს მარია ზახაროვასა და ირინა ვოლკს.
"კანადა ებრძვის დეზინფორმაციას ყველგან და ყოველთვის. დღეს სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული. თქვენ პასუხს აგებთ, კანადა მხარს უჭერს უკრაინას“, - ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
სანქციები ასევე დაუწესდა ბიზნესმენ ტიგრან ხუდავერდიანს, "როსკომნადზორის" ხელმძღვანელის მოადგილეებს, რუსეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის დირექტორს ოლეგ დობროდეევს, ჟურნალისტ ოლგა სკაბეევას, ბიზნესმენ ალექსანდრე ლებედევს, ტელეჟურნალისტს არკადი მამონტოვს, მსახიობს და კინორეჟისორს ტიგრან კეოსაიანს და სხვებს.
სანქციები ასევე დაწესდა რამდენიმე რუსული მედიასაშუალების წინააღმდეგ. კერძოდ, სანქციების სიაში მოხვდნენ VGTRK, პირველი არხი, NTV, ასევე სააგენტო TASS, Gazprom-Media, RT და Sputnik.