ვინც რეკომენდაციების შესრულების პროცესში არ ერთვება, ეს ადამიანები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი.
მისი თქმით, თუ ევროპულ პერსპექტივას არ ირჩევ და ქვეყნის ინტერესებისთვის მუშაობა არ გსურს, ეს იმას ნიშნავს, რომ მხარს რევოლუციურ სცენარს და რადიკალურ მიდგომებს უჭერ.
"მათი სიმართლე სად არის? ერთად დასხდომისკენ მოგვიწოდებდნენ, მაგრამ ახლა, როცა მათ ვეუბნებით, მზად ვართ, ცვლილებები გავატაროთ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენთან ერთად ისხდნენ და მუშაობდნენ, პოპულისტურ გზას ირჩევენ.
როცა ეს პოპულისტური გზა კიდევ ერთხელ გაშიშვლდება, საზოგადოება ნახავს, რომ რეალურად მათ მუშაობა კი არ უნდათ, არამედ რევოლუციური სცენარი სურთ. საბოლოოდ იმის ლუსტრაცია მოხდება, რომ ამ ხალხს სურდათ, არა ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, არამედ როგორმე ისეთი სიტუაციის შექმნა, სადაც დაგვადანაშაულებდნენ, რომ თითქოს, ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა არ გვსურს და ამას სათავისოდ გამოიყენებდნენ. მათ არ სურთ, არც 12 პუნქტის შესრულება და არც რეფორმების განხორციელება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა