რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენციას ვადაზე ადრე ტოვებს.
"ლავროვი კვლავ აწარმოებს ომხრივ მოლაპარაკებებს, შემდეგ ისაუბრებს პრესასთან და წავა", - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სააგენტო dpa-სთან.
შედეგად, ლავროვი არ დაესწრება დღის მეორე ნახევარი დაგეგმილ შეხვედრებსა და სხდომას.
როგორც იუწყებიან, ლავროვმა "დიდი ოცეულის" საკონფერენციო ოთახი სიტყვით გამოსვლის დასრულებისთანავე დატოვა და არ დაელოდა გერმანელი კოლეგის ანალენა ბერბოკის გამოსვლას, რომელიც ლავროვის შემდეგ იწყებდა სიტყვის წარმოთქმას.
ანალენა ბერბოკი კონფერენციის წინა დღეს აცხადებდა, რომ შეეცდება ლავროვის იზოლირებას ინდონეზიაში შეხვედრებისთვის და ძალიან მკაფიოდ იტყვის, რომ არავინ შეეგუება რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევას.
ბერბოკის თქმით, ფორუმის ფარგლებში არც თავად და არც დიდი შვიდეულის სხვა მინისტრები არ აპირებდნენ ტრადიციული ორმხრივი შეხვედრების გამართვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
"არავინ უნდა მოელოდეს, რომ ვისაუბრებთ ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე მასთან, ვინც ბომბავს ჩვენს საერთაშორისო მშვიდობიან წესრიგს", - თქვა ბერბოკმა.
"დიდი ოცეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ინდონეზიაში, ბალიში 7 ივლისს გაიხსნა.
ბალიში კონფერენციის დაწყებამდე, „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყნის, ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრი რეტნო მარსუდი უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების მოწოდებით გამოვიდა.