რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, შესაძლოა, სლავიანსკსა და კრამატორსკს არამხოლოდ ჩრდილოეთიდან, არამედ დასავლეთიდანაც შეუტიონ. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW)-ის ანგარიშში.
აღნიშნულია, რომ რუსეთის არმიამ უმნიშვნელო წარმატებას მიაღწია სევერსკის სამხრეთ-აღმოსავლეთითა და აგრძელებს შეტევით მოქმედებებს ლისიჩანსკის დასავლეთით.
ოკუპანტებმა საარტილერიო დარტყმები მიაყენეს ბავრენკოვოს და დაბომბეს ნიკოპოლი, ნოვოპავლოვკა და სლავიანსკიდან ჩრდილო-დასავლეთით რამდენიმე დასახლება.
ISW-ის ანალიტიკოსების აზრით, ეს დარტყმები, შესაძლოა, მოწმობდეს, რომ ოკუპანტები ცდილობენ ბარვენკოვოს აღმოსავლეთიდან გვერდი აუარონ და ან იზიუმი-სლავიანსკის გზატკეცილის მიმართულებით წაიწიონ სლავიანსკის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ, ან დაწინაურდნენ პირდაპირ ბარვენკოვოდან სამხრეთ აღმოსავლეთისკენ კრამატორსკის მიმართულებით.
"რუსეთის ძალებმა, შესაძლოა, შექმნან პირობები კრამატორსკის შესაძლო შტურმისთვის, რომელიც სლავიანსკზე შეტევის პარალელურად განხორციელდება", - იუწყება ISW.
ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის ჯარებს ჰქონდათ შეტევის მცირე მცდელობები და აწარმოებდნენ საჰაერო, საარტილერიო და სარაკეტო დარტყმებს ფრონტის მთელ ხაზზე.
ექსპერტების აზრით, ამჟამად რუსეთის არმია ძალების აღდგენით არის დაკავებული და ემზადება ახალი შეტევებისთვის უახლოეს კვირებში ან თვეებში. ამიტომ მსხვილი შეტევითი ოპერაციები მოსალოდნელი არ არის.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის რეგიონებში გრძელდება მოხალისეთა დროებითი რაზმების შექმნა, რათა პირადი შემადგენლობის დანაკარგის კომპენსაცია მოახდინონ.