საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს ურჩევს ამერიკის იმიჯის დასაცავად, „„ნაციონალური მოძრაობის“ ხელით საჯაროდ განხორციელებულ პროვოკაციებს საჯაროდ გაემიჯნოს.
„ქალბატონო ელჩო, ამერიკის იმიჯის დასაცავად, კარგი იქნებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელით საჯაროდ განხორციელებულ ამ პროვოკაციებს თქვენ საჯაროდ გამიჯვნოდით. თუმცა, სამწუხაროდ, ამ თემაზე არც ერთი თქვენი გამოსვლა არ მახსენდება. მეტიც, სანქციებზე მიერთების მოთხოვნას საჯაროდაც კი დაუჭირეთ მხარი“, - წერია ყაველაშვილის ღია წერილში, რომლითაც კელი დეგნანს მიმართა.
ამავე წერილში ყაველაშილი ელჩს, ქართველი ხალხის სახელით, მიუთითებს „ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ საქართველოს „პროამერიკულ“ საზოგადოებას სწორედ თქვენ ალაპარაკებთ“.
„ამიტომ, ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა „ეფესბეს“ სახელმძღვანელოებში, არამედ თქვენგან დაფინანსებული თუ თქვენთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან თქვენ არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ. რატომ უწყობენ ხელს თქვენი დაფინანსებული თუ თქვენს მიერ მოწონებული „ენჯეოები“, პარტიები და ტელევიზიები საქართველოში „ეფესბეს“ ნარატივის გამყარებას, ჩემთვის სრულიად გაუგებარია“, - წერია მიმართვაში და ყაველაშვილი კელი დეგნანას მოუწოდებს გაემიჯნოს ოპოზიციას.
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არ ემიჯნებით იმ ადამიანების მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შესახებ, რომლებსაც თქვენ აფინანსებთ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ამ ადამიანების ქცევაზე ზემოქმედების სრული ბერკეტი გაქვთ. როგორც ცნობილია, ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. როდესაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ სულ მცირე, ამ მოთხოვნას მხარს უჭერთ, უარეს შემთხვევაში კი, ისინი ფიქრობენ, რომ ეს მოთხოვნა, სულაც, თქვენი მოფიქრებულია. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, აუცილებელია, ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნასაც საჯაროდ და მკაფიოდ გაემიჯნოთ, რომ ქართველმა ხალხმა ამერიკაზე ცუდი არ იფიქროს.
ასევე, სრულიად გაუგებარია კანდიდატის თემის ხელოვნური ფორსირება. როგორც ცნობილია, კანდიდატის სტატუსთან არავითარი მატერიალური პრივილეგიები არ არის მიბმული და შესაბამისად, სამ და ექვს თვეში ამ სტატუსის არმიღებით საქართველო არაფერს კარგავს. ანუ თუ სტატუსს მივიღებთ, პრაქტიკულად ხელში არაფერი გვრჩება, ხოლო თუ სტატუსს ვერ მივიღებთ – ქვეყანას რევოლუციით კიდევ ერთხელ დაემუქრებიან. ასეთ დროს, ფორსირებას მხოლოდ ერთი მიზანი, რევოლუციური ფონის ხელოვნურად შექმნა შეიძლება ქონდეს. თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, ფორსირების კამპანიაში თქვენც აქტიურად ჩაერთეთ, რამაც საზოგადოებას დამატებითი კითხვები შეიძლება გაუჩინოს.
რაც მთავარია, დაუშვებელია, ხალხმა იფიქროს, რომ ხელისუფლებაში იმ ხალხის დაბრუნება გსურთ, რომელიც ძალაუფლების მოპოვებისთანავე საქართველოს ომში თვალდახუჭული ჩართავს.
აქვე გავიხსენებ, რომ, სამწუხაროდ, თქვენ დღემდე არც თქვენი ერთ-ერთი წინამორბედის, ამერიკის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის განცხადებას გაემიჯნეთ, რომელმაც თქვენს მიერ თავის დროზე ფილანტროპად წოდებული ბიძინა ივანიშვილი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ოლიგარქად მოიხსენია და დეოლიგარქიზაციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯი გაიმეორა.
„ქართული ოცნება“, თავის სტილში, თავს არიდებს ამ კითხვების დასმას და დარწმუნებული ვარ, ამას მომავალშიც მოერიდება. თუმცა, მე, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს და ამ ქვეყნის ერთ რიგით მოქალაქეს, თავი ვალდებულად მიმაჩნია, ეს კითხვები დაგისვათ.
იმედია, ჩემს კითხვებზე საჯარო და მკაფიო პასუხებს მივიღებ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოში ამერიკის იმიჯს უმძიმესი ზიანი არ მიადგეს. ქართველმა ხალხმა თუ დაიჯერა, რომ ამერიკას მთავრობის გადატრიალება და ხელისუფლებაში „ომის პარტიის“ მოყვანა სურს, რომელმაც ქვეყანა ომში და ბევრ სხვა უბედურებაში ერთხელ უკვე გახვია, მერწმუნეთ, საქართველოში „ამერიკულმა იდეამ“ სრული გაუფასურება შეიძლება განიცადოს. ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც თქვენი განცხადებები თუ დუმილი, რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“, – აღნიშნულია წერილში.