"დიდი შვიდეულის" (G7) საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ინდონეზიაში "დიდი ოცეულის" (G20) მინისტერიალის ფარგლებში გალა ვახშამზე მონაწილეობაზე უარი თქვეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის იქ ყოფნის გამო. იტყობინება იაპონური სააგენტო Kyodo ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით.
"დიდი ოცეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ინდონეზიაში, ბალიში 7 ივლისს გაიხსნა.
"დიდი შვიდეულის" ქვეყნების წარმომადგენლებმა წინასწარ აცნობეს ინდონეზიას [G20-ის თავმჯდომარე ქვეყანა], რომ ვახშამს არ დაესწრებოდნენ. ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ გაგებით ეკიდება კოლეგების პოზიციას და სურს, კომფორტული ატმოსფერო შექმნას ყველასთვის", - წერს სააგენტო Kyodo.
შედეგად, გამართულ ვახშამს არ დაესწრნენ იაპონიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრები.
ამავდროულად გავრცელდა ცნობა, რომ "დიდი ოცეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე გაუქმდა ერთობლივი ტრადიციული ფოტოს გადაღების ცერემონიაც, რადგან მონაწილეთა გარკვეულმა რაოდენობამ უარი თქვა ლავროვთან ერთად ფოტოს გადაღებაზე.
მომხდართან დაკავშირებით რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "ტას"-მა ლავროვის კომენტარი გაავრცელა. მისი თქმით, "როგორც ჩანს კოლეგებს არ ემისთ პროტოკოლის, ზრდილობისა და ეთიკის წესები".
"დიდ ოცეულში" ერთიანდებიან "დიდი შვიდეულის" ქვეყნები - აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, კანადა, ასევე, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, ინდოეთი, ინდონეზია, ჩინეთი, სამხრეთი კორეა, თურქეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი, ავსტრალია და ევროკავშირი.