იაპონიის ქალაქ ნარაში უნობმა პირმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს შინძო აბეს ესროლა. აბეს მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არის, თუმცა მედია ვარაუდობს, რომ ის გარდაცვლილია. იუწყება BBC.
იაპონიის მთავრობის მდივანმა ჰიროკაძუ მაცუნომ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ აბეს ესროლეს, თუმცა თქვა, რომ ყოფილი პრემიერის მდგომარეობის შესახებ ჯერ ცნობილი არაფერია.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, უცნობმა კაცმა აბეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგიდან ორჯერ მაშინ ესროლა, როდესაც ის ქალაქ ნარაში სიტყვით გამოდიოდა.
"აბე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ბოლო ცნობებით მას "გულ-ფილტვის სისტემის გაჩერება" დაუფიქსირდა, რაც შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ ის მკვდარია, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის", - იუწყება BBC-ის კორესპონდენტი.
სააგენტო ფრანს-პრესი განმარტავს, რომ ტერმინ "გულ-ფილტვის სისტემის გაჩერებით" იაპონიაში კლინიკურ სიკვდილს აღწერენ.
კაცი, რომელმაც აბეს ესროლა, დაახლოებით 40 წლისაა, ის დაკავებულია. დაკავებისას კაცს წინააღმდეგობა არ გაუწევია.
67 წლის შინძო აბე პრემიერის პოსტიდან 2020 წელს გადადგა, მაგრამ იაპონის მმართველ ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიაში გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა.