ბრიტანული მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი საბოლოოდ დაჰყვა თანაპარტიელებისა და პოლიტიკური ოპონენტების მზარდ ზეწოლას და უახლოეს საათებში გადადგომის თაობაზე განცხადებას გააკეთებს. აღნიშნულის თაობაზე იტყობინებიან BBC, Sky News, ITV და სხვები.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორის ჯონსონი ესაუბრა კონსერვატიული პარტისს კომიტეტის თავმჯდომარეს სერ გრეჰემ ბრედის და დათანხმდა გადადგომას პარტიის ლიდერის პოსტიდან, ხოლო პრემიერის თანამდებობაზე შეინარჩუნებს ოქტომბრამდე, ვიდრე კონსერვატიული პარტიის კონფერენცია ჩატარდება.
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, "ბორის ჯონსონი ქვეყნის მიმართ განცხადებას დღეს გააკეთებს".
Sky News-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა აღნიშნა, რომ წყვეტს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას, თუმცა თანამდებობიდან არ გადადგება.
ამ დროისთვის, ბორის ჯონსონის ადმინისტრაცია 60-მდე ადამიანმა დატოვა.
მთავრობის წევრების გადადგომა უკავშირდება ბრიტანეთის სახელისუფლებო წრეებში აგორებულ მორიგ სკანდალს, ამჯერად, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კრინს პინჩერმა, რომელსაც ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა ეკავა, სექსუალურად შეავიწროვა ორი მამაკაცი დეპუტატი.
მომხდარის ფონზე, 30 ივნისს პინჩერი იძულებული გახდა დაეტოვებინა თანამდებობა. ამავდროულად, გავრცელდა ცნობა, რომ პრემიერ-მინისტრი ჯონსონი ინფორმირებული იყო პინჩერის ქმედებების შესახებ წარსულში, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი მაინც დანიშნა მაღალ თანამდებობებზე.
5 ივლისს მიცემულ ინტერვიუში, ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა კრის პიჩერის თანამდებობაზე დანიშვნის გამო.