დევნილთა კიდევ ერთი ობიექტის გაზიფიცირება დასრულდა. გლდანში, ყოფილი 120-ე ბაგა-ბაღის შენობაში ბუნებრივი აირი სიმბოლურად ოკუპირეული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილმა აანთო.
გლდანის მე-7 მ/რ-ში, ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში, სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით აფხაზეთიდან დევნილი 23 ოჯახი, 80 სული ცხოვრობს. საცხოვრებელი ობიექტის გაზიფიცირებასთან ერთად შეიცვალა წყალ-კანალიზაცია. პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე საცხოვრებელი ფართი დევნილებს საკუთრებაში გადაეცათ.
დევნილების თქმით, სანამ გაზი არ აინთო, ვერ იჯერებდნენ, რომ ბუნებრივი აირით სარგებლობა შესაძლებელი იყო. "მართლაც აღარ გჯეროდა რომ გაზს შემოგვიყვანდნენ. ძალიან გახარებულები ვათ. ადრე ყველაფრისთვის შეშას ვიყენებდით და ძალიან ვწვალობდით. დღეს, ჩენი თვალით რომ ვნახეთ მინისტრმა როგორ აანთო გაზი, დავიჯერეთ. ძალიან გვეხმარებიან, ნამდვილად კარგი საქმე გაგვიკეთეს. ძალიან გახარებულები ვართ" - აღნიშნა აფხაზეთიდან დევნილმა მარინა ხურცილავამ.
მინისტრმა კობა სუბელიანმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გაზიფიცირება დევნილთა სხვა ობიექტებშიც გაგრძელდება.
"გრძელდება გაზიფიცირების სამუშაოები მთელი თბილისის, მთელი რესპუბლიკის მასშტაბით. ასევე გრძელდება დაკანონების პროცესი. ამ ეტაპზე დაკანონებულია 10 ათასამდე ოჯახი თბილისის მასშტაბით. ეს არის აფხაზეთიდან დევნილი 30 ათასზე მეტი სული. ისინი პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე საკუთრებაში ცხოვრობენ. ამ ობიექტზე ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასასრულს უახლოვდება. გაზიფიცირების სამუშაოები გძელდება. დევნილები დაბრუნებამდე მეტ-ნაკლებად უკეთეს პირობებში იცხოვრებენ და ეს იყო ჩვენი დანაპირები, რომელიც სრულდება", _ განაცხადა სუბელიანმა.