ევროკავშირი თანდათან თავისუფლდება რუსეთზე დამოკიდებულებისგან, რომელიც აფერხებდა პუტინის წინააღმდეგ გადაწყვეტილებების მიღებას, - ამის შესახებ ნათქვამია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის ბლოგში.
"2022 წლის ბოლომდე ევროკავშირი 90%-ით შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს. ჩვენ ასევე სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს. ეს გადაწყვეტილებები თანდათან გვათავისუფლებს დამოკიდებულებისგან, რომელიც დიდი ხნის მანძილზე აფერხებდა ჩვენს პოლიტიკურ არჩევანს ვლადიმერ პუტინის აგრესიულობის წინაშე. ის ალბათ თვლიდა, რომ ევროპა ვერ გაბედავდა სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციაზე ენერგოდამოკიდებულების გამო. ეს ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვანი, არასწორი გათვლებიდან, რომელიც დაუშვა რუსეთის რეჟიმმა ამ კონფლიქტის დროს", - ნათქვამია სტატიაში.
ბორელი აღიარებს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე ასეთი სწრაფი უარი სერიოზულ სირთულეებს უქმნის ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, ისევე როგორც ეკონომიკის რამდენიმე სექტორს.
"მაგრამ ეს არის ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ ჩვენი დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად და ჩვენ ვიღებთ აუცილებელ ზომებს ამ პრობლემების გადასაჭრელად სრული სოლიდარობით", - აღნიშნავს ბორელი.