დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, რომ პირადად ჩაერიოს და შეწყდეს დევნილების საცხოვრებელი ადგილებიდან გამოყრა. ამის შესახებ განცხადება ჯონდი ბაღათურიამ დღეს სესიაზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, დღეს დილით მას დაუკავშირდნენ მობილურ ტელეფონზე და უთხრეს, რომ მერვე ლეგიონის ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი 37-ე ბაგა-ბაღის შენობაში მცხოვრებ დევნილებს ასახლებენ ძალის გამოყენებით და ნაცემია მოხუცი ქალი.
"ნომერი საიდანაც მე დამირეკეს დაფიქსირდა და შეგიძლიათ გადაამოწმოთ. დევნილების მიმართ ასეთი უბედურება ამ წუთებში ტრიალებს და პირადად თქვენ მოგმართავთ ჩაერიოთ ამ საკითხის მოგვარებაში და შეწყდეს დევნილების მიმართ ძალის გამოყენება", - განაცხადა ბაღათურიამ.
ბაღათურიამ ისიც აღნიშნა, რომ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს და მოითხოვს, რომ გაქუმდეს აღნიშნული სამინისტრო და დევნილებზე ზრუნვა გადაეცეს აფხაზეთის მთავრობას. მიუხედავად იმისა, რომ ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნული საკითხით დავით ბაქრაძეს მიმართა, ბაქრაძის მხრიდან არანაირი კომენტარი არ გაკეტებულა, თუმცა კომენტარი გააკეთა უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა და მან ბაღათურიას ინფორმაციის გადამოწმებისაკენ მოუწოდა.
"როდესაც ასეთ ინფორმაციას ავრცელებ ეს ინფორმაცია მინიმუმ გადამოწმებული მაინც უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ ყველამ კარგად იცის სახელმწიფო როგორ ზრუნავს დევნილებზე და ჩვენი მთავარი მიზანი ამ ადამიანებზე ზრუნვაა", - აცხადებს აკაკი მინაშვილი. ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გია გოგუაძის განმარტებით კი ამ შენობიდან ადამიანების გამოსახლება მართლაც ხდება, თუმცა იგი აქცენტს იმაზე აკეთებს რომ ეს შენობა არის ავარიული და ადამიანების აქ ყოფნა არ შეიძლება.