საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში რუსეთს ხელი შეუწყო. ნათქვამია პოლონეთის შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის ფრატიშეკ გაგორის ერთ ერთ გზავნილში, რომელიც ინტერნეტ-გვერდ " WikiLeaks "-ზეა გამოქვეყნებული.
"პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთში შეჭრის უკიდურესად წამგებიანი გადაწყვეტილება მიიღო და ამით პირდაპირ შეუწყო ხელი რუსეთს", _ ნათქვამია დეპეშის ტექსტში, რომელსაც პოლონეთის რადიო ავრცელებს.
გაგორის აზრით, "საქართველოთი მანიპულირებდნენ რუსი აგენტები და შესაძლოა ისინი მის (პრეზიდენტის) პირად მრჩევლებშიც იყვნენ".
"საქართველოს მხრიდან გადადგმული ბრიყვული ნაბიჯი მოსკოვს წაადგა და ამ ნაბიჯით უდიდესწილად შეეწყო ხელი რუსეთის აღორძინებას", _ ნათქვამია დეპეშაში.
პოლონეთის რადიო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის მაშინდელი მთავრობა და პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მომხრეები იყვნენ, ინტერნეტში გამოქვეყნებული დოკუმენტები მოწმობს, რომ ევროკავშირშიც და აშშ-შიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე აზრთა სხვადასხვაობა იყო.