ქართული დელეგაცია ეუთოს უსაფრთხოების დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს, თუ მასში 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს ინტერესების ამსახველი ტექსტის ფორმულირება არ მოხდება.
აღნიშნული წარმოადგენდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრებისას ერთ-ერთ განსახილველ თემას, რომელიც გრიგოლ ვაშაძემ ასტანაში მიმდინარე ეუთოს სამიტის ფარგლებში გამართა.
"ჩვენ ის დოკუმენტი განვიხილეთ, რომელიც შეიძლება ეუთოს სამიტმა მიიღოს. ვიმსჯელეთ ფორმულირებებზე, რომელმაც საქართველოს ინტერესები უნდა ასახოს და რის გარეშეც ჩვენი დელეგაცია მას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაეთანხმება", - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.
აღსანიშნავია, რომ ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ეტაპზე ლიტველ კოლეგა აუდრონიუს აჟუბალისსა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ფილიპ გორდონს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ ასტანაში, 21-ე საუკუნეში ეუთოს პირველი სამიტი მიმდინარეობს. მას ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების 61 წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის 26 პრეზიდენტი. სამიტზე ამ წუთებში ლიდერები სიტყვით გამოდიან. სამიტის მონაწილეებს კლინტონის გარდა უკვე მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, რომელმაც გლობალური უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა. სამიტზე ცოტა ხანში სიტყვით გამოვა საქართველოს პრეზიდენტიც.