ბუკინგემის სასახლემ დედოფალი ელისაბედ მეორის სამეფო მოვალეობთა სიას, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, პირველად გადახედა. იტყობინება გამოცემა The Telegraph-ი.
გამოცემის ცნობით, ეს მოხდა 96 წლის მონარქის გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების ფონზე.
96 წლის ასაკში დედოფალს უჭირს ზოგიერთი მოვალეობის შესრულება, აღნიშნავს The Telegraph. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ მონარქი საზღვარგარეთ აღარ გაემგზავრება.
სამეფო კარის მიერ მომზადებული ანგარიშის უახლეს ვერსიაში დედოფლის როლი კვლავ ორი ძირითადი ელემენტისგან შედგება: "სახელმწიფოს მეთაური" და "ერის მეთაური".
დედოფლის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობები უწინ 13 პუნქტს მოიცავდა, მათ შორის პარლამენტის გახსნის ცერემონიას, პრემიერ-მინისტრის დანიშვნას, სახელმწიფო ვიზიტებსა და სხვა სახელმწიფოთა ლიდერების მიღებას.
განახლებულ ვერსიაში არ არის მითითებული კონკრეტული პუნქტები და უფრო ბუნდოვანი განმარტებებია გამოყენებული. აღნიშნულია, რომ დედოფლის მოვალეობები მოიცავს "რიგ საპარლამენტო და დიპლომატიური მოვალეობების შესრულებას", ასევე სახელმწიფოთა მეთაურების მიღებას.
The Telegraph-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მონარქის მოვალეობათა შორის შემავალი 5 ძირითადი ღონისძიებიდან, ოთხს მისი უფროსი ვაჟი, პრინცი ჩარლზი მასპინძლობდა.
ერის მეთაურის როლი მოიცავს ოთხ ძირითად ელემენტს: - სუვერენი მოქმედებს როგორც ეროვნული იდენტობის, ერთიანობისა და სიამაყის გარანტი; იძლევა სტაბილურობისა და უწყვეტობის განცდას; ოფიციალურად აღიარებს წარმატებასა და ბრწყინვალებას; და მხარს უჭერს ნებაყოფლობითი სამსახურის იდეალს.
ანგარიშის თანახმად, ერის მეთაურის მოვალებებს დედოფალი განახორციელებს "მიზანშეწონილობისა და საჭიროების შესაბამისად".
სამეფო კარის ანგარიშში ასევე ხაზგასმულია სამეფო ოჯახის სხვა წევრების მხარდაჭერა, სადაც ნათქვამია, რომ "დედოფალს დიდად ეხმარებიან სამეფო ოჯახის სხვა წევრები, რომლებიც ასრულებენ ოფიციალურ მოვალეობებს მისი უდიდებულესობის სახელით".
The Telegraph-ი, ბუკინგემის სასახლის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს არის არა "მკვეთრი" ცვლილება, არამედ მცირე განახლება.
წელს ელისაბედ მეორემ მმართველობის 70 წლის იუბილე აღნიშნა.
ელისაბედ II ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს 25 წლის ასაკში ავიდა. სწორედ იმ დღეს გარდაიცვალა მისი მამა, მეფე გიორგი VI.