საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის თეა კატუკიას განცხადებას, სადაც მან უწყება მუქარაში, ზეწოლასა და შევიწორებაში დაადანაშაულა.
სამინისტროს განცხადებით, უწყება უკმაყოფილო იყო ელჩის საფრანგეთში საქმიანობით, რის საფუძველზეც "მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა".
"გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში. სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა.
მოგეხსენებათ, საფრანგეთთან საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, გადავიდა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც მოითხოვს საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, თეა კატუკიამ ელჩის თანამდებობა დატოვა და ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც ამ გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.
კატუკიას განცხადებით, თანამდებობის დატოვებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან მასზე მუდმივი ზეწოლა.
მისივე ცნობით, ელჩად დანიშვნის პირველივე დღიდან საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე გახდა, რაც, მისივე შეფასებით, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს.
როგორც კატუკია წერს, ფუნქციის შესრულება მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში უწევდა, "რაც სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური და კლიენტისტური პრაქტიკიდან".