დეპუტატი რომან მარსაგიშვილი ითხოვს, რომ ყაზბეგში პარლამენტარები ჩავიდნენ და აუხსნან მოსახლეობას რატომ ხდება ლარსის გამშვები პუნქტის გახსნა. ეს მოთხოვნა მარსაგიშვილმა დღეს სესიაზე დააყენა. როგორც მან აღნიშნა ადგილობრივ მოსახლეობას ლარსის გამშვები პუქნტის გახსნასთან დაკავშირებით აქვს უარყოფითი შეხედულება, რადგან შიშობს, რომ ლარსის გახსნა იქნება საფრთხის შემცველი მოსახლეობისათვის.
როგოც მარსაგიშვილი აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 21 ნოემბერს, ადგილობრივი მოსახლეობა იკრიბება და პარლამენტარებს როგორც უმრავლესობის ასევე უმცირესობის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ პირადად შეხვდნენ მოსახლეობას და აუხსნან რატომ ხდება ლარსის გახსნა.
მარსაგიშვილის განცხადებას "ქრისტიან-დემოკრატები" და ჯონდი ბაღათურიაც გამოეხმაურნენ. ბაღათურიას თქმით, მასაც აქვს ინფორმაცია, რომ ადამიანების ერთი ჯგუფი შეგნებულად ავრცელებს მოსახლეობაში მცდარ ინფორმაციას, თითქოს შეგნებულად ხდება ლარსის გახსნა, რომლითაც მზადდება "რაღაც საფრთხის შემცველი ქმედებები", რაც მისი თქმით, მოსახლეობაში იწვევს პანიკას და მიიჩნევს რომ მარსაგიშვილის მოთხოვნა გასათავლისწინებელია.
ქრისტიან დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე კი იმედოვნებს, რომ ხელისუფლების მხრიდან შესრულდება ყველა ის დაპირება, რაც დაკავშირებულია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებასთან და მიიჩნევს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობა არის აუცილებელი.
"ჩვენ მზად ვართ ხვალ ჩავიდეთ მოსახლეობასთან და მათ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი", - აცხადებს თარგამაძე. პარლამენტის თავმჯდომარე კი იმედოვნებს, რომ მოსახლეობასთან პარლამენტარები ხვალიდან შეხვედრაზე აუცილებლად ჩავლენ და მათ კითხვებს პასუხებს გასცემენ.
"ერთი მხრივ, ეს კეთდება ქვეყნის და თავად ამ მოსახლეობის ეკონომიკური განვითარებისათვის, რადგან ლარსის გახსნა გახსნის ტვირთბრუნვას, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ეკონომიკურ განვითარებასთან, მაგრამ მეორე მხრივ, ადამიანის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.