უკრაინის ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" აცხადებს, რომ კუნძულ ზმეინზე, სადაც რუსი სამედროები იყვნენ განლაგებული, სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლის გამოყნებით სამხედრო ოპერაცია ჩაატარა. შედეგად რუსმა სამხედროებმა "დარჩენილი გარნიზონის სასწრაფოდ ევაკუაცია მოახდინეს, ორი ჩქაროსნული კატერით და სავარაუდოდ, კუნძული დატოვეს", ნათქვამია სარდლობის ინფორმაციაში.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ასევე განაცხადა, რომ "რუსები ზმეინზე აღარ არიან".
სარდლობის განცხადებით, ამჟამად, კუნძულზე ხანძარია და ისმის აფეთქებების ხმა.
ინფორმაცია კუნძულის დატოვების შესახებ დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც. მათ ამ გადაწყვეტილებას "კეთლი ნების გამოვლინება" უწოდეს.
"ამით მსოფლიო საზოგადოებას ვაჩვენეთ, რომ რუსეთის ფედერაცია ხელს არ შეუშლის გაეროს ძალისხმევას ჰუმანიტარული დერეფნის მეშვეობით გაიტანოს უკრაინის ტერიტორიიდან სოფლის მეურნეობის პროდუქცია", - თქვეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
რუსეთი კუნძულ ზმეინს უკრაინაში ომის დაწყებიდან აკონტროლებდა. ივნისში უკრაინულმა მხარემ გააძლიერება შეტევა კუნძულის გასათავისუფლებად. 20 ივნისს უკრაინამ კუნძული მასირებულად დაბომბა და განაცხადა, რომ რუსულმა არმიამ უდიდესი დანაკარგი განიცადა.