ისრაელის ქნესეთმა (პარლამენტი) საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონი თვითდათხოვნის თაობაზე და ახალი საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ნოემბერს დაინიშნა. იტყობინება ისრაელური მედია.
მედიის ცნობით, ეს იქნება ქნესეთის მეხუთე არჩევნები ბოლო სამი წლის განმავლობაში.
პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იარირ ლაპიდი შეასრულებს.
მედიის ინფორმაციით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თვითდათხოვნის კანონის დამტკიცების დღეს "დღესასწაული" უწოდეს. მათი განცხადებით, ისრაელის ისტორიაში "ყველაზე ცუდი მთავრობა" არსებობას წყვეტს.
ნაფტალი ბენეტი, მემარჯვენე პარტია "იამინის" ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი გახდა გასულ ივნისში არჩევნების შემდეგ, რომელშიც ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო უმრავლესობის მოპოვება.
ივნისის არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა 8 პარტიისგან შემდგარი "ჭრელი" კოალიცა, რომელთაც ფაქტობრივად ერთადერთი რამ აერთიანებდათ, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია "ლიკუდის" ხელისუფლებაში დაბრუნების თავიდან აცილება.
ნაფტალი ბენეტი და იარი ლაპიდი, რომელიც პარტია "იეშ ათიდ"-ის ("არის მომავალი") ხელმძღვანელია, შეთანხმდნენ, რომ მთავრობას როტაციული პრინციპით, 2-2 წლით უხელმძღვანელებდნენ. ამ შეთანხმების თანხმად, ბენეტს პრემიერ-მინისტრის პოსტი ლაპიდისთვის 2023 წლის სექტემბერში უნდა გადაებარებინა.
დაახლოებით 10 დღის წინ, კოალიცია დაიშალა, რადგან პარტიები ვერ შეთანხმდნენ ფუნდამენტურ საკითხზე - დოკუმენტის ვადის გახანგრძლივებაზე, რომლის თანახმადაც ებრაული დასახლებები დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობენ ისრაელის და არა პალესტინის კანონებით.