უკრაინამ ტყვეების გაცვლის ფარგლებში 144 სამხედრო დაიბრუნა, მათგან 95 "აზოვსტალის" დამცველია. ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
"გაიმართა ტყვეების მორიგი გაცვლა, რომლის წყალობით, სახლში დაბრუნდა 144 უკრაინელი დამცველი. ეს ყველაზე დიდი გაცვლაა (ტყვეების რაოდენობის მხრივ) რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ. 144 გათავისუფლებულიდან 95 "აზოვსტალის“ დამცველია", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ამასთან, გათავისუფლებულებს შორის 43 "აზოვის" პოლკის მებრძოლია.
უწყების ცნობით, გათავისუფლებულია ეროვნული გვარდიის 59 მეომარი; 29- სამხედრო-საზღვაო ძალების სამხედრო; 28- უკრაინის შეიარაღებული ძალების; 17 - უკრაინის სასაზღვრო სამსახურის; 9 - ტერიტორიული თავდაცვის, ხოლო 1 - უკრაინის ეროვნლი პოლიციის წარმომადგენელი.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გათავისუფლებულთა შორის ყველაზე უფროსი 65 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი -19-ის. უმეტესობას მძიმე ჭრილობები აქვს მიყენებული.