დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რუსეთის კიბერშეტევების ფონზე, საქართველოს 5 მილიონი ფუნტი სტერლიგის გამოყოფას ჰპირდება. იტყობინება Sky News-ი.
ბორის ჯონსონის განცხადებით, გამოყოფილი ფინანსური დახმარება საქართველოს საშუალებას მისცემს, გამოავლინოს და აღკვეთოს ის თავდასხმები, რომლებიც ძირს უთხრის ქვეყნის უსაფთხოებას.
5 მილიონი სტერლინგი დააფინანსებს კიბერუსაფრთხოების ახალ სტრატეგიის შემუშავებას, თავდასხმების იდენტიფიცირებასა და მოგერიებას.
დიდი ბრიტანეთი ასევე უშუალოდ იმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კიბერთავდაცვისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
„ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს საქართველოს სუვერენული ინსტიტუტები მისი კიბერშესაძლებლობების გასაძლიერებლად. დიდი ბრიტანეთი იკავებს წამყვან პოზიციებს მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების სფეროში და დღეს გამოცხადებული მხარდაჭერა დაიცავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბრიტანეთს და ყველა სხვა დემოკრატიებს, რომლებსაც რუსეთის მტრობა ემუქრებათ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა ნატო-ს სამიტზე.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადების თანახმად, რუსეთი დიდი ხანია იყენებს საქართველოს, როგორც მისი კიბერშესაძლებლობების საცდელ ადგილს. ეს დაიწყო 2008 წელს, როდესაც მსოფლიოში პირველი კოორდინირებული კიბერშეტევები გამოიყენეს ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის დასაზიანებლად, ხოლო რუსეთმა განახორციელა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონო ანექსია.