ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქალი რომ ყოფილიყო, უკრაინაში არ შეიჭრებოდა და არ წამოიწყებდა "გიჟურ, მაჩო ომს“".
გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში, ბორის ჯონსონმა უკრაინაში შეჭრის შესახებ პუტინის გადაწყვეტილებას "ტოქსიკური მასკულინობის იდეალური მაგალითი უწოდა". ამასთან, ჯონსონმა ძალაუფლების სადავეებთან მეტი ქალის ყოფნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
გენდერული თანასწორობისა და განათლების მნიშვნელობაზე საუბრისას ჯონსონმა თქვა, რომ "საჭიროა მეტი ქალი ძალაუფლების მქონე თანამდებობებზე".
"პუტინი ქალი რომ ყოფილიყო, რაც აშკარად არ არის, მაგრამ რომ ყოფილიყო, მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ის წამოიწყებდა ძალადობრივ გიჟურ, მაჩო ომს ისე, როგორც ახლა აკეთებს", - თქვა ჯონსონმა.
"თუ გნებავთ ტოქსიკური მასკულინურობის იდეალური მაგალითი, ეს არის ის, რასაც პუტინი აკეთებს უკრაინაში".
ბორის ჯონსონის ეს განცხადება წინ უსწრებს ნატოს მადრიდის სამიტს, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში გაჩაღებული ომი და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებია.
მადრიდის სამიტზე ჯონსონი აპირებს მოუწოდოს ალიანსის მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ.