30 ნოემბერს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, იტალიის ქალაქ პიზის მუნიციპალიტეტის მედია-დაგეგმარების, ბიზნეს კომუნიკაციების, ტურიზმისა და კულტურული პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენელს, კლაუდიო ჩერაის შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა განათლებისა და კულტურის, ბიზნესის ხელშეწყობის, მშვიდობის ბანაკის ორგანიზებისა და იტალიაში აფხაზეთის კულტურული დღეების გამართვის საკითხები განიხილეს.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრა იტალიური მხარის ინიციატივით გაიმართა და გაცნობით ხასიათს ატარებდა.
"დღეს არის პირველი შეხვედრა ქალაქ პიზის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და ის იტალიაში, საქართველოს კულტურის წარმოჩენას, ასევე ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას უკავშირდება. იტალიის დელეგაციამ საკმაოდ საინტერესო წინადადებები შემოგვთავაზა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ყველა ევროპული ქვეყნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან თანამშრომლობისათვის. მათ მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი წინადადება, რომელიც დევნილების კეთილდღეობას წაადგება, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა " - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.