საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე კობა გვენეტაძემ ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და აშშ-ის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმები გააცნო.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და ისაუბრა იმ საერთაშორისო ფაქტორებზე, რაც ინფლაციაზე ახდენს გავლენას. "მაშინ როდესაც, Covid-19-ით გამოწვეული მიწოდების ჯაჭვების პრობლემები და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი ჯერ ბოლომდე დაძლეული არ იყო, მიმდინარე ომმა მიწოდების ჯაჭვები კიდევ მეტად შეაფერხა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი კიდევ უფრო გააღრმავა. რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა გლობალური მიწოდების ჯაჭვის პრობლემები და საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის და ნავთობის ფასების მკვეთრად ზრდა განაპირობა. ბუნებრივია, რომ ეს მდგომარეობა საქართველოზეც ახდენს გავლენას. ჩვენი პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად შემცირებას დაიწყებს და 2023 წელს მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ამასთან, სებ-ის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა საფინანსო სექტორში გატარებულ რეფორმებზე, რაც ხელს უწყობს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას და მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების უფრო მეტად დაცვას. პრეზენტაციის შემდეგ კობა გვენეტაძემ მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.