26 ივნისს, დილით, კიევში შევჩენკოვსკის რაიონში, რუსული რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. არიან დაშავებულები. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, კორპუსის მაცხოვრებელთა ნაწილი ევაკუირებულია.
"ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი, მაცხოვრებლების ნაწილი ევაკუირებულია, ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი", - ამბობს კლიჩკო.
მისი თქმით, ნანგრევებიდან ისმის ხალხის ხმა. მაშველები მათ გადარჩენას ცდილობენ.
მისივე თქმით, ნანგრევებიდან შვიდი წლის გოგონა ამოიყვანეს, ახლა მიმდინარეობს მისი დედის გადარჩენის სამუშაოები.
აფეთქებების ხმა კიევის დროით 06:20 საათზე გაისმა. რუსულმა რაკეტამ 9-სართულიანი სახლის ზედა სართულები დაანგრია. გაჩნდა ხანძარი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოგვიანებით გაავრცელა ცნობა, რომ კიევს რუსეთმა მაღალი სიზუსტის რაკეტები კასპიის რეგიონიდან დაუშინა.
უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ ორმა თვითმფრინავმა უკრაინის დედაქალაქს X-101 რაკეტა ესროლა, რომელსაც შეუძლია ფრენა 5,5 ათას კილომეტრზე.